1 აპრილიდან ოკუპირებული აფხაზეთი სრულად "ენგურჰესის" ელექტროენერგიის მოხმარებაზე გადადის.
31 მარტის 00:00 საათიდან (მოსკოვის დროით) რუსეთის ფედერაციიდან ენერგიის მოწოდება, რომელიც ზამთრის პერიოდში არსებული დეფიციტის გამო ხორციელდებოდა, წყდება. ამის შესახებ TASS-ს „ჩერნომორენერგოს“ გენერალურმა დირექტორმა თემურ ჯინჯოლიამ განუცხადა.
„დღეს, 31 მარტს, 00:00 საათზე აფხაზეთი აჩერებს რუსეთის ფედერაციიდან ენერგიის მიღებას და სრულად ენგურჰესის გამომუშავებაზე გადადის. წყლის მოდინების და ჯვრის [ენგურის] წყალსაცავში დონის მატება აფხაზეთის საჭიროებებს სრულად ფარავს“, — განაცხადა ჯინჯოლიამ.
ჯინჯოლიას თქმით, წელსაც ზაფხულიდან კომერციული ენერგიის შესყიდვის დაწყება იგეგმება, რაც წინასწარი პროგნოზით, რეგიონს დაახლოებით 1,4 მილიარდი რუბლი დაუჯდება.
მანამდე TASS-ი იტყობინებოდა, რომ ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონის შენარჩუნების მიზნით, აფხაზეთი 2025 წლის 1 აგვისტოდან 31 დეკემბრამდე, ღამისა და დასვენების დღეებში, რუსეთისგან ელექტროენერგიას ყიდულობდა. რუსული გამოცემა წერს, რომ იანვრიდან მარტის ბოლომდე კი რუსეთი რეგიონს ელექტროენერგიას უსასყიდლოდ აწვდიდა. "ამ ზომების წყალობით, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად მოხერხდა შემოდგომა-ზამთრის პერიოდის გავლა გრაფიკით გათიშვებისა და სერიოზული ავარიების გარეშე", - აღნიშნულია TASS-ის მომზადებულ ინფორმაციაში.




























