მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოკუპირებული აფხაზეთი, საქართველო, სომხეთი... - რუსეთის მოქალაქეების პოპულარული ტურისტული მიმართულებები

ტურიზმი

თურქეთი, ოკუპირებული აფხაზეთი, სომხეთი და საქართველო სხვა ქვეყნებთან ერთად, მიმდინარე წლის 9 თვეში, რუსეთის მოქალაქეებისთვის პოპულარული ტურისტული მიმართულებების TOP-10-ეულში მოხვდნენ.

რუსეთის ტურინდუსტრიის კავშირის მიერ რუსეთის ФСБ-ს სასაზღვრო სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 9 თვეში რუსეთიდან ტურისტული ნაკადები წლიურად 23.2%-ით გაიზარდა და ქვეყნიდან ტურისტული მიზნით 8.7 მლნ გასვლა დაფიქსირდა. დარგობრივ გაერთიანებაში აღნიშნავენ, რომ რუსეთიდან საზღვრებს გარეთ ტურისტული მოგზაურობის მაჩვენებელმა 2019 წლის ნიშნულს [14,2 მლნ გასვლა] ჯერ ვერ მიაღწია. ამასთან, რუსეთის ФСБ-ს სასაზღვრო სამსახურმა ტურისტული მიზნებით 49 ქვეყანაში გასვლა დააფიქსირა. რუსეთის ტურინდუსტრიის კავშირში იმასაც განმარტავენ, რომ ეს მიმართულებები რეალურად უფრო მეტია, თუმცა რუსი ტურისტები ქვეყნიდან გასვლისას იმ მიმართულებებს აფიქსირებენ, სადაც პირდაპირი ფრენები სრულდება, იმ შემთხვევაშიც კი თუ მოგზაურებს ბილეთები საბოლოო დანიშნულების ადგილამდე აქვთ აღებული. ამგვარად, კავშირის მიერ გავრცელებულ მასალაში აღნიშნულია, რომ რუსი ტურისტები მათ შორის ევროპულ ქვეყნებშიც მოგზაურობენ.

მათივე ინფორმაციით, ტურისტული ვიზიტები ყველაზე მეტად ვიეტნამში (936-ჯერ), საქართველოსა (447.8%-ით) და ჩინეთში (426.6%-ით) გაიზარდა, რამეთუ ამ ქვეყნებთან მიმართებით ზრდა გასული წლის დაბალი ბაზის ეფექტით არის განპირობებული. „ამ მიმართულებებით პირდაპირი ფრენები შესაბამისად 2024 წლის იანვარში, 2023 წლის მაისში და 2024 წლის მარტში განახლდა", - აღნიშნავენ კავშირში.

2024 წლის პირველ 9 თვეში რუსეთიდან შესრულებული ტურისტული ვიზიტების მიხედვით ქვეყნების TOP-10-ეული ასე გამოიყურება:

  1. თურქეთი - 3.678 მლნ გასვლა;
  2. არაბთა გაერთიანებული საამიროები - 986.2 ათასი გასვლა;
  3. ეგვიპტე - 834.6 ათასი გასვლა;
  4. ჩინეთი - 715.5 ათასი გასვლა;
  5. ტაილანდი - 640 ათასი გასვლა;
  6. ოკუპირებული აფხაზეთი - 371.9 ათასი გასვლა;
  7. სომხეთი - 250.9 ათასი გასვლა;
  8. საქართველო - 184.6 ათასი გასვლა;
  9. აზერბაიჯანი - 177.6 ათასი გასვლა;
  10. უზბეკეთი - 146.4 ათასი გასვლა;

რუსეთის ტურინდუსტრიის კავშირის გავრცელებულ ინფორმაციაში ხაზგასმით არის გამოყოფილი რუსეთის მოქალაქეების მზარდი ტურისტული ინტერესი ოკუპირებული აფხაზეთის მიმართ, რომელიც პირველ ათეულში მოხვდა. გაერთიანებაში აღნიშნავენ, რომ ტერიტორია პოპულარული ტურისტული მიმართულებების ათეულში პირველად მოხვდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები