მიმდინარე წლის ექვს თვეში საქართველოში რუსეთიდან 459 859 ტურისტული ვიზიტი განხორციელდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან მიღებული სტატისტიკიდან ასევე ჩანს, რომ ტურისტული ვიზიტებით რუსეთი ლიდერობს. კერძოდ, თუ 2023 წლის ექვს თვეში რუსეთიდან 577 632 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, მათგან თითქმის 450 ათასი ტურისტული ვიზიტი იყო. ეს ნიშნავს, რომ რუსეთიდან განხორციელებული ვიზიტების თითქმის 80% ტურისტული ტიპის ვიზიტი იყოს.
ტურისტული ვიზიტებით მეორე ადგილზეა თურქეთი, საიდანაც საანგარიშო პერიოდში [2023 წლის პირველი და მეორე კვარტალი] 343 753 ვიზიტი განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტებით თურქეთს პირველი ადგილი უკავია, საიდანაც 582 527 ვიზიტი განხორციელდა.
საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება:
სომხეთი - 200 621
ისრაელი - 105 119
აზერბაიჯანი - 75 257
უკრაინა - 60 730
ჯამში მიმდინარე წლის ექვს თვეში ქვეყანაში 1 930 483 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემის 90.8%-ით აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა 59.6%-ს შეადგენს.
BMG ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან ასევე ითხოვდა ტურიზმის სტატისტიკას თვეების მიხედვით, რადგან 2023 წლიდან უწყება მონაცემებს მხოლოდ კვარტალურ ჭრილში აქვეყნებს. გვსურდა გაგვეგო რა ვითარებაა თვიურად ვიზიტორების აღდგენის კუთხით და რა გავლენა ჰქონდა ვიზიტორების მაჩვენებელზე ისეთ ფაქტორებს როგორიცაა რუსეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენას, სხვადასხვა ტურისტულ მარკეტინგულ კამპანიას და სხვა.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ მხოლოდ კვარტალურად წარმოებული სტატისტიკა აქვთ და თვიურად ჩაშლილ მონაცემებს ვერ მოგვცემდნენ.
“მოგახსენებთ, რომ საერთაშორისო ვიზიტების მონაცემთა წარმოება, კომპეტენციის ფარგლებში, ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. ხოლო, 2023 წლიდან, სტატისტიკური მონაცემების წარმოება და გაცემა ხდება კვარტალური სახით. აღნიშნულის გათვალისწინებით, ანალოგიური პერიოდის შესაბამისად, ხორციელდება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სტატისტიკური მონაცემების დამუშავება”,- აცხადებენ ადმინისტრაციაში.