ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატებმა ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას გადადგომის განცხადებას მხარი დაუჭირეს. როგორც სხდომისას აფხაზეთი პარლამენტის სპიკერმა ლაშა აშუბამ განაცხადა, დღის წესრიგში მხოლოდ ერთი საკითხი ასლან ბჟანიას გადადგომის განცხადება იყო.
კენჭისყრაში 31 დეპუტატი მონაწილეობდა, აქედან 28 დეპუტატმა გადადგომას მხარი დაუჭირა, 2 ბიულეტენი გაბათილდა, ერთმა დეპუტატმა კი გადადგმის წინააღმდეგ მისცა ხმა.
ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობას ბადრა გუნდა შეასრულებს. ე.წ. პრემიერის პოსტზე კი პარლამენტის პრესსპიკერი ვალერი ბგანგა დაინიშნა.
ასლან ბჟანიამ ე.წ. პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის შესახებ განცხადებას დღეს მოაწერა ხელი, მოგვიანებით კი სოხუმიდან წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.
რამდენიმე დღით ადრე ასლან ბჟანიამ გადადგომის მზაობა იმ პირობით გამოთქვა, თუ პროტესტის მონაწილეების სამთავრობო შენობებს დატოვებდნენ. მან ასევე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას კვლავ გეგმავდა.
EchoKavkaza წერს, რომ ასლან ბჟანიას გადადგომა ოპოზიციამ აიძულა. 15 ნოემბერს სოხუმში, რუსულ-აფხაზური „საინვესტიციო ხელშეკრულების“ გაპროტესტებისას, აქციის მონაწილეებმა სამთავრობო შენობების კომპლექსის მიმდებარე ღობის ნაწილი დაშალეს და პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შევიდნენ, შემდეგ კი პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაიკავეს.