მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოკუპირებული ქვეყანა ოკუპანტს არ უნდა ეხმარებოდეს - გიორგი მელაშვილი

6499f29896601
ალა ისპირიანი
27.06.23 00:15
706
ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის სანქციების მე-11 პაკეტის დამტკიცების თაობაზე ევროპულ–ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელმა გიორგი მელაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „საქმის კურსში“ ისაუბრა. კითხვაზე, როდესაც საქართველოდან ავტომობილები ყირგიზეთში ან ყაზახეთში გადის და ის რუსეთის ბაზარზე ხვდება, საქართველომ ამის გამო რა შენიშვნა ან ზიანი შეიძლება მიღოს? - მან უპასუხა, რომ ამ შემთხვევაში მთავარია მასშტაბი და მასობრიობა.

„ამ პაკეტიდან გამომდინარე ეს ჩანს, მაგრამ საქართველოსთვის ეს შეიძლება პრობლემა მოგვიანებით გახდეს სხვა სასანქციო პაკეტებთან ერთად. ასევე გააჩნია ეს ყოველივე რა მასშტაბს მიიღებს. ერთი-ორი მანქანა თუ გავა საქართველოდან და რუსეთში შევა ეს ევროკავშირისთვის პრობლემა არ არის. პრობლემაა ამ მოვლენის მასობრიობა და მასშტაბი და ზოგადად მორალურ მხარესაც, რომ შევხედოთ, ქვეყანა რომელიც ოკუპირებულია არ უნდა ეხმარებოდეს ოკუპანტ ქვეყანას. თუმცა არსებობენ საქართველოში გარკვეული ჯგუფები და მათ შორის ბიზნეს კუთხით, რომლებიც მზად არის ხელი მოითბონ ომით და არანაირ მორალურ დისკომფორტს არ გრძნობენ. თუ ავტომობილი ყაზახეთში გაყიდე და იცი რომ ის გზას მოსკოვში პრიგოჟინის ტანკის ქვეშ ამ შემთხვევაში ბუნებრივია მეტი პასუხისმგებლობა მოგეთხოვება.

ასევე თუ ხარ ქვეყანა, რომელიც ევროკავშირისკენ მიისწრაფვის არ უნდა გააკეთო ისეთი ქმედებები, რაც ამ გზას პრობლემას უქმნის“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და ეჭვს, რომ შესაძლოა მან დამოუკიდებლობა დაკარგოს, რამდენად შეიძლება ამას სანქციების ნაწილში გავლენა ჰქონდეს, მან შემდეგნაირად უპასუხა: 

„თუ ეროვნული ბანკი დაკარგავს დამოუკიდებლობის იმ დონეს, რომელიც მას ჰქონდა მათ შორის სანქციების აღსრულების კუთხით, რა თქმა უნდა დიდი საფრთხე და პრობლემა იქნება. თუ ეროვნული ბანკი მმართველი პარტიის სრულ დაქვემდებარებაში გადავა ჩვენ ვიქნებით ერთი პარტიული სტრუქტურის პოლიტიკურ ნებაზე დამოკიდებულები, რაც დიდ რისკებს შეიცავს“, - განაცხადა გიორგი მელაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების ახალი, რიგით მე-11 პაკეტი დაამტკიცა, რომელიც სავაჭრო, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სექტორების დამატებით შეზღუდვებს ითვალისწინებს. ამასთან, სანქციების ახალი პაკეტით ე.წ. “შავ სიაში” არაერთი ორგანიზაცია და ადამიანი მოხვდა. თუმცა, როგორც ევროკავშირის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, სანქციების ახალი პაკეტის მთავარი ფოკუსი დაწესებული სანქციების ეფექტიანობის გაზრდას, ანუ სანქციების არარიდების მექანიზმის არსებობას ითვალისწინებს, რომელიც, ამიერიდან, მესამე ქვეყნებზეც გავრცელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები