მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოკუპირებულმა აფხაზეთმა და რუსეთმა სოხუმის აეროპორტის აღსადგენად შეთანხმება გააფორმეს - მედია

648c42d6c83fa
გიგა ბენია
16.06.23 16:21
602
სანქტ-პეტერბურგის XXVI საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე დროებით ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის, სოხუმის აეროპორტის აღსადგენად ხელშეკრულება გაფორმდა. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.

დე-ფაქტო ეკონომიკის მინისტრის, ქრისტინა ოზგანის განცხადებით, „მხარეებმა“ გარკვეული შეთანხმებები დადეს და სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის რეკონსტრუქცია აფხაზეთის ეკონომიკაზე დადებითად აისახება.

„ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენი ქვეყნისთვის. მოვლენა, რომელსაც თითქმის 30 წელი ველოდით. ამ საინვესტიციო პროექტის შესრულებას აფხაზეთის ეკონომიკის განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება. ხელმოწერილი ხელშეკრულება მხარეთა პირობებსა და ვალდებულებებს განსაზღვრავს. კერძოდ, აფხაზეთის რესპუბლიკის მიერ სპეციალური საინვესტიციო რეჟიმის უზრუნველყოფას, რომელიც გარკვეულ შეღავათებს ითვალისწინებს“, - განაცხადა დე-ფაქტო მინისტრმა.

როგორც ქრისტინა ოზგანმა აღნიშნა, აეროპორტის ამოქმედება, აფხაზეთის ლოგისტიკურ შესაძლებლობებს გაზრდის.

"დარწმუნებულები ვართ, რომ აეროპორტის ამოქმედება გაზრდის ქვეყნის სატრანსპორტო ხელმისაწვდომობას ტურისტებისთვის და გააფართოებს ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობებს საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოგისტიკის სისტემაში", - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, დე-ფაქტო მთავრობა სოხუმის აეროპორტის აღდგენას 2024 წლის ბოლომდე გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები