მოსკოვში "რუსეთის ტრანსპორტის გამოფენაზე" სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის მოდელი წარადგინეს. ინფორმაციას РБК ავრცელებს. მისი ინფორმაციით, მეორე ეტაპის ფარგლებში, ახალი სამგზავრო ტერმინალის აშენება და აეროპორტის კომპლექსის სამხრეთ ნაწილში ტერიტორიის გაუმჯობესება იგეგმება. მისი ფართობი 23 ათასი კვადრატული მეტრი იქნება.
აეროპორტის სტრატეგიული კომუნიკაციების დირექტორის, ეკატერინა სკლიარენკოს ინფორმაციით, პირველი ეტაპის ფარგლებში, სოხუმის აეროპორტის ჩრდილოეთ ნაწილში დროებითი საჰაერო ტერმინალის მშენებლობა სრულდება. მისი განცხადებით, დღეისათვის 3,1 კმ სიგრძის ასაფრენი ბილიკი და სატრანსპორტო გზა გარემონტდა. რეკონსტრუქციის პირველი ეტაპის დასრულება 2025 წლის მაისისთვის იგეგმება, როდესაც ოკუპირებულ აფხაზეთში მაღალი ტურისტული სეზონი დაიწყება.
როგორც გამოცემა წერს, აეროპორტის წარმომადგენელმა მეორე ეტაპის დაწყებისა და დასრულების თარიღები არ გაამჟღავნა.
სოხუმის ახალი აეროპორტის ამოქმედება 2025 წლის ტურისტული სეზონის დაწყებამდე იგეგმება.
14 ნოემბერს, ოკუპირებული აფხაზეთის მაშინდელმა ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ სოხუმის აეროპორტში პირველი ტექნიკური რეისები შესრულდა. მანამდე, ივლისში ბჟანიამ თქვა, რომ სოხუმსა და რუსეთის რამდენიმე ქალაქს შორის ფრენები 2024 წლის ბოლოდან დაიწყებოდა.