There is no flag large enough to cover
the shame of killing innocent people.
Howard Zinn
არ არსებობს დროშა საკმარისად დიდი,
რომელიც გადაფარავს უდანაშაულოთა
მკვლელობის სირცხვილს.
ჰოვარდ ზინი
ვფიქრობ, რომ ადამიანთა შექმნილ მოვლენათა შორის ყველაზე კომპლექსური მოვლენა არის ომი. მას აქვს ბევრი განზომილება: სამხედრო (თავისთავად), სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი, ფსიქოლოგიური, კოლექტიური, ინდივიდუალური და სხვა მრავალი. ყოველი მათგანი ერთმანეთს ერწყმის სხვადასხვა სახით, ფორმით, ინტენსიურობით და ქმნის ომის ურთულეს ქსოვილს. ჩემი აზრით, ყველა ომს ორი რამ აქვს საერთო ფუნდამენტურ დონეზე: სიკვდილი და აბსურდი. ომში დაღუპვას აქ არ განვიხილავ და შევჩერდები აბსურდზე. იყო სრულიად აბსურდული ომები, რომელთა თავი და ბოლო ვერც თანამედროვეებმა გაიგეს და ვერც მათ შემდეგ, ისტორიკოსებმა. მაგალითად, პირველი მსოფლიო ომი. მომხდარა და ახლაც არის ომები, სადაც ცხადად ჩანს თუ სად არის კარგი და ცუდი (ომი უკრაინაში). იყო ასეთი ამერიკელი კაცი, ჰოვარდ ზინი, რომელიც მოხალისედ წავიდა მეორე მსოფლიო ომში, სადაც ასევე ნათლად ჩანდა თუ სად დგას ბოროტება. და მიუხედავად ამისა, მან თქვა, რომ „არ არსებობს დროშა საკმარისად დიდი, რომელიც გადაფარავს უდანაშაულოთა მკვლელობის სირცხვილს.“ სწორედ უდანაშაულოთა განზრახ თუ განუზრახველად, ოღონდ მაინც გარდაუვალად, მოკვდინება არის ომის ერთ-ერთი უდიდესი აბსურდი. თუმცა სხვა ბევრი აბსურდიც ხდება ომის დროს და ამასთან დაკავშირებით, მინდა თქვენთან ერთად გავიხსენო მე-20 საუკუნის ერთ-ერთი შესანიშნავი სატირიკული რომანი: ჯოზეფ ჰელერის „ხაფანგი 22“ (Joseph Heller, Catch 22).
მეორე მსოფლიო ომის დროს, ამერიკელი სამხედრო მფრინავი, ჯონ იოსარიანი, საჰაერო ძალების ესკადრილიასთან ერთად ბაზირებულია იტალიის სანაპიროსთან.
იოსარიანს და მის მეგობრებს უწევთ აიტანონ აბსურდული არსებობა: პოლკოვნიკი კესკარტი მუდმივად ზრდის იმ საბრძოლო გაფრენების რაოდენობას, რომელთა შესრულებაც საჭიროა უკან, ამერიკაში, სახლში დაბრუნებისთვის და შესაბამისად, სახლში ვერავინ ვერ მიდის. კეტკერტი კი საბრძოლო გაფრენების რაოდენობას ზრდის საკუთარი კარიერული წინსვლისთვის და ხშირად პილოტებს აგზავნის სამხედრო თვალსაზრისით ფუჭ, მაგრამ საშიშ დავალებებზე.
კაპიტან იოსარიანზე არ მოქმედებს ეროვნული იდეები, აბსტრაქტული პრინციპები და ის განრისხებულია, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მისი სიცოცხლე უმიზეზოდ მუდმივ საფრთხეშია. შედეგად, იგი მუდმივად ცდილობს მოხვდეს ჰოსპიტალში სხვადასხვა მოგონილი ავადმყოფობებით.
იოსარიანი აღმოაჩენს, რომ ის შეიძლება გაათავისუფლონ სამხედრო სამსახურიდან, თუ დაიბრალებს, რომ არანორმალურია. იოსარიანი ამას გააკეთებს და მერე აღმოაჩენს, რომ ეს მეთოდი არ მუშაობს - იბრალებს რა ფსიქიკურ შეშლილობას, ის ადასტურებს ზუსტად საწინააღმდეგოს: ანუ იგი ფსიქიკურად ნორმალურია, რადგან ნებისმიერი ნორმალური ადამიანი დაიბრალებს სულით ავადმყოფობას, რომ აირიდოს აზრდაცლილი, სასიკვდილო საბრძოლო გაფრენები. აი, ეს არის ხაფანგი 22.
ხაფანგი 22 არის კონცეპტუალური პრობლემა, რომლის გადაწყვეტა შეუძლებელია თავად პრობლემაშივე ჩაშენებული წინაპირობის გამო.
კაპიტანი იოსარიანი მიხვდება, რომ ხაფანგი 22 დაწერილი სახით არ არსებობს, მაგრამ ყველას სჯერა მისი არსებობა. ზუსტად იმის გამო რომ დოკუმენტი არ არსებობს, მას ვერც გააუქმებ, ვერც გადააგდებ, ვერც მოიშორებ და ვერც წინააღმდეგობას გაუწევ. ხაფანგი 22 არის კაფკიანური აბსურდი.
საყოფაცხოვრებო დონეზე ხაფანგი 22-ის აბსურდის და ცირკულარულობის მაგალითია, ვთქვათ: მე ვერ დავიწყებ ჩემს ბიზნესს მანამდე, სანამ არ მექნება ფული და ფულს ვერ ვიშოვი, თუ არ მექნება ჩემი ბიზნესი.
ხაფანგი 22-ის აბსურდიზმი რომანში ხშირად გვხვდება. მაიორი, გვარად ასევე მაიორი, მზად არის შეხვდეს მნახველებს მხოლოდ მაშინ, როდესაც ის ოფისში არ არის. ერთ შემთხვევაში, პოლკოვნიკ შეისკოფს დაკითხვაზე ჰყავს ოფიცერი კლევინგერი, მაგრამ არ აძლევს კლევინგერს საშუალებას ჩამოაყალიბოს აზრი, რადგან დაკავებულია კლევინგერის ლაპარაკის მანერის კორექტირებით. სხვა შემთხვევაში, სამხედრო კაპელანს ბრალს დასდებენ დანაშაულში, ოღონდ არ იციან რა დანაშაულში და ამის გარკვევას ცდილობენ დაკითხვის მეშვეობით.
რომანი გაკვრით, მაგრამ მაინც ეხება ისეთ უმნიშვნელოვანეს თემას, როგორიცაა თეოდიცეია. როგორც მოგეხსენებათ, თეოდიცეია არის თეოლოგიური საკითხია: როგორ არის შესაძლებელი ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლე და ყოვლადკეთილი ღმერთის არსებობის პირობებში, სამყაროში ასევე არსებობდეს ბოროტება და ტანჯვა? იოსარიანი კომიკური მანერით ეხება ამ თემას: ღმერთი ან თამაშობს ან ყველა ჩვენგანი დაივიწყა. მოხუც ადამიანებს საკუთარი ნაწლავების კონტროლი წაართვა. რატომ შექმნა საერთოდ ტკივილი?, ნამდვილად გულმოწყალე ყოფილა, რომ ტკივილი მოგვცა საფრთხის შეტყობინების მიზნით. რატომ არ შეეძლო იგივე მიზნით გამოეყენებინა ზარის წკარუნი ან თავისი ზეციური ქორო?“. ერთ ეპიზოდში, შეესწრება რა კონკრეტულ უზნეო საქციელს, კაპიტანი იოსარიანი გაიფიქრებს, თუ რა უნდა ეგრძნო ქრისტეს, როდესაც ამ ქვეყნად დადიოდა. იგი ალბათ ისე იყო, როგორც ფსიქიატრი შეშლილთა სახლში.
ვფიქრობ, რომ სანამ იარსებებს კაცობრიობა, იარსებებს ომიც, რადგან: „[...მთელი წუთისოფელი ბოროტებაშია დანთქმული].“ 1 იოანე, 5:19
ავტორი: ირაკლი ლაითაძე