რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 2 კვირა - 14 დღე – გავიდა. ომის მე-15 დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ქვეყანაში არსებული საომარი მოქმედებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ უკრაინის დამცველები სამხრეთ-დასავლეთიდან რუსული ჯარების თავდასხმის შეკავებას აგრძელებენ.
10 მარტის 06:00 საათისთვის არსებული ოპერატიული ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალები რუსული ჯარების შეტევას დონეცკის, სლობოჟანსკის და ტავრიჩესკის საოპერაციო რაიონებში აგრძელებენ და იცავენ ხარკოვსა და ახტირკას. ძირითადი ძალები მობილიზებულია ჩრდილო აღმოსავლეთით მტრის გადაადგილების აღკვეთისკენ. მიმდინარეობს მარიუპოლის წრიული დაცვა. ამავე დროს ხორციელდება ბელარუსთან სახელწმიფო საზღვრის დაცვა.
სივერის ოლქში უკრაინელი დამცველები ჩერნოგოვის დაცვას აგრძელებენ და კიევის მიმართულებით მტრის გადაადგილების აღმკვეთ ზომებს მიმართავენ.
გენშტაბის ინფორმაციით, დედაქალაქის თავდაცვის დაჯგუფებები და რესურსები მტრის თავდასხმის მოგერიების მუდმივ მზადყოფნაშია. გამანადგურებელ ცეცხლს უხსნიან მტრის შემტევ ჯგუფებს და თავდაცვის განსაზღვრულ საზღვრებს იცავენ.
სამხრეთის მიმართულებით, კრივოი როგთან, ნიკოლაევთან, ვოზნესენსკთან და ხერსონის ოლქის სოფელ ნოვოვორონცოვკასთან მტრის შეკავება მიმდინარეობს. სხვა მიმართულებებით კი სამხედროებს სტაბილიზაციის ოპერაციას ატარებენ და ტერიტორიული დაცვის ამოცანებს ასრულებენ.
გენშტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების დაჯგუფება სარაკეტო და ბომბის დარტყმებს იგერიებს და მტრის საჰაერო თავდასხმის საშუალებებს ანადგურებს, უზრუნველყოფს საჰაერო თავდაცვის საფარს უკრაინის მნიშვნელოვანი ობიექტებისა და ჯარების დაჯგუფებისთვის. კერძოდ, ბოლო ორი დღის განმავლობაში მოიერიშე თვითმფრინავებმა და საზენიტო-სარაკეტო ძალების დანაყოფებმა მტრის ოთხი სუ-25 შემტევი თვითმფრინავი და ორი ვერტმფრენი გაანადგურეს.
„მტერმა შეანელა შეტევის ტემპი, მისი პერსონალი დემორალიზებულია, მნიშვნელოვნად გაიზარდა დეზერტირებისა და ძარცვის შემთხვევები“, - აცხადებენ გენშტაბში.




























