მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

OMV Petrom-ი გეგმავს, წელს საქართველოსთან შავი ზღვის ფსკერზე გაზის და ნავთობის არსებობა შეისწავლოს

62161a963b95c
შოთა ტყეშელაშვილი
23.02.22 15:34
1889
რუმინულმა OMV Petrom-მა საქართველოს შავი ზღვის შელფზე ნავთობის კვლევა-ძიების ლიცენზია 2021 წელს მოიპოვა. კომპანიასთან არსებული სალიცენზიო ხელშეკრულება 5,300 კვადრატული კილომეტრის ფართობის შესწავლას მოიცავს.

კომპანია წელს გეგმავს, რომ ამ სალიცენზიო არეალში 2D და 3D სეისმური მონაცემების მოპოვებისთვის შესაბამისი კვლევები ჩაატაროს, რის შესახებაც კომპანიამ საქართველოს ნავთობისა და გაზის სააგენტოს გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის პროექტი წარუდგინა.

შავი ზღვის შელფზე გაზის ან ნავთობის საბადოს აღმოჩენის შემთხვევაში კომპანია საცდელ ჭაბურღილებს ააშენებს.

“II სალიცენზიო ბლოკი მდებარეობს საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს ცენტრალურ ნაწილში. OMV Petrom Georgia-ს სამუშაო პროგრამის მეორე ეტაპი მოიცავს ორ და სამგანზომილებიანი სეისმური ინფორმაციის შეგროვებას, რომლებიც გამოყენებული იქნება მიწისქვეშა ქანების მახასიათებლების დასადგენად და II ბლოკში პერსპექტიული უბნების გამოსავლენად. თუ სეისმურ კვლევების დროს გამოიკვეთება ეკონომიკურად მიმზიდველი და ეკოლოგიურად უსაფრთხო ნახშირწყალბადების პერსპექტიული უბნები, სამუშაო პროგრამის მესამე ფაზაში დაიგეგმება ბურღვითი სამუშაოები.

საველე კვლევის ჩატარების გადაწყვეტილებას II ბლოკზე წინ უძღოდა არსებული სამეცნიერო და ტექნიკური მონაცემების ანალიზი, რომლის საფუძველზე შემუშავდა სეისმური კვლევის გეგმა. საკვლევი ტერიტორიის აღმოსავლეთ საზღვარი ხმელეთიდან, დაახლოებით, 10 კმ-ით არის მოშორებული. საველე სამუშაოები დაგეგმილია 2022 წლის მეორე ნახევრისთვის. კვლევის სავარაუდო ხანგრძლივობა 50 დღეა, თუმცა შესაძლებელია შეიცვალოს გარემოებებიდან გამომდინარე.

სეისმური კვლევა არის ტექნიკა, რომელიც გამოიყენება ზღვის ფსკერის ქვეშ არსებული ქანების გეოლოგიური და გეოფიზიკური მახასიათებლების შესასწავლად. სეისმური კვლევები ოფშორული კვლევის აუცილებელი ნაწილია, რადგან ისინი გვაწვდიან ინფორმაციას გეოლოგიური წარმონაქმნების სიღრმეზე, მდებარეობასა და ფორმაზე, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს ნავთობს და გაზს. სეისმური კვლევები იყენებს სეისმურ (აკუსტიკურ) იმპულსებს ორ ან სამგანზომილებიანი გამოსახულების შესაქმნელად. სეისმური იმპულსის შექმნა არ გულისხმობს რაიმე სახის აფეთქებას", - ნათქვამია OMV Petrom-ის გარემოზე ზემოქმედების ანგარიშში.

საქართველოსთან შედარებით უფრო წინ წასულია პროცესი ბულგარეთის სანაპიროსთან, სადაც 2022-2023 წლებში Han Asparuh-ის 5,000 კვადრატული კილომეტრის სალიცენზიო არეალში პირველი ჭაბურღილი მოეწყობა, რასაც შემდგომ წლებში 2-3 ჭაბურღილიც მოჰყვება.

კომპანიის ყველაზე დიდ საინვესტიციო პროექტს ნეპტუნის გაზის საბადო წარმოადგენს, რომელიც რუმინეთის სანაპიროსთან მდებარეობს. კომპანია ამ საბადოდან არანაკლებ 50 მილიარდი მეტრ კუბი ბუნებრივი აირის მოპოვებას განიხილავს, მის საინვესტიციო პოტენციალს კი 2 მილიარდ ევროდ აფასებს. პროექტის მიხედვით, ამ საბადოდან გაზის მოპოვება 2026-2027 წლებში უნდა დაიწყოს.

კომპანიის სალიცენზიო არეალი საქართველოს ეკონომიკურ ზონაში: