მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ონლაინ სწავლების დროს უნივერსიტეტებმა ხარჯები დაზოგეს, თუმცა გადასახადი არ შეუმცირებიათ”- რომან გოცირიძე

60faf647b589c
ანუკა ჯოხაძე
24.07.21 00:00
1524
პარლამენტმა სახელისუფლებო პარტიის მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტი მიიღო, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, როგორც საკუთრებაში, ასევე სარგებლობაში არსებული ქონების გადასახადისგან გათავისუფლდებიან. მსგავსი შეღავათი მათ აქამდეც ჰქონდათ, მაგრამ ამ ინიციატივით ფართოვდება საშეღავათო არეალი. თუ მანამდე გადასახადისაგან განთავისუფლება ეხებოდა მხოლოდ საკუთრებაში არსებულ ქონებას, ამ ინიციატივის მიხედვით უკვე არ დაიბეგრება სარგებლობაში არსებული ქონებაც. საგადასახადო შეღავათი გავრცელდება აგრეთვე ამ დაწესებულებების მიერ იჯარით, უზუფრუქტით, ქირით ან სხვა ფორმით გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე, თუ გადაცემული უძრავი ქონება საგანმანათლებლო საქმიანობაში გამოიყენება.

კანონპროექტს მისი წარდგენის დღიდან კრიტიკულად აფასებენ ოპოზიციის წევრები. რომან გოცირიძე ეთანხმება იმ პოზიციას, რომ აღნიშნული საგადასახადო შეღავათი კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტებს არათანაბარ პირობებში ჩააყენებს. თუმცა გოცირიძე იმასაც ამბობს, რომ დღეს ამ მიმართულებით შეღავათის დაწესების საჭიროება არ იდგა, რადგან უნივერსიტეტმა დისტანციური მუშაობის დროს გარკვეული ფინანსური რესურსების დაზოგვა შეძლეს.

“როცა ვამბობ, რომ თანაბარ პირობებში უნდა იყოს კერძო და სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოდით ახლა კერძო უნივერსიტეტებიც გავათავისუფლოთ ქონების გადასახადისგან, რადგან სახელმწიფო უნივერსიტეტები გავათავისუფლეთ. ეს არ არის სწორი, გადასახადები, რა თქმა უნდა, აძვირებს სწავლის ქირას, მაგრამ ეს არის ჯანსაღი საბაზრო ფასი. პანდემიის დროს ბევრი ხარჯი გამოუთავისუფლდათ უნივერსიტეტებს. ონლაინ სწავლების პერიოდში ისინი თანხებს არ იხდიდნენ შენობების მოვლაში, გათბობაში, თუმცა ფაქტია, რომ სწავლის გადასახადი მაინც არ შემცირებულა, არადა ხარჯები შემცირდა. პანდემიით ამ გადაწყვეტილების გამართლება არის უაზრობა, ეს არის შემთხვევით სარგებლობა.” -აცხადებს რომან გოცირიძე.

ცნობისთვის, კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტის ამოქმედების წელსა და შემდგომი სამი წლის განმავლობაში ჯამურად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი შემცირდება დაახლოებით 11.9 მლნ ლარით, ხოლო წლიური გავლენა 2.97 მლნ ლარი იქნება. დაშვებას კანონპროექტის ავტორები 2020 წელს დარიცხული ქონების გადასახადზე დაყრდნობით აკეთებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები