პარლამენტის ყოფილი წევრი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების გადასახადი რეფორმის ფარგლებში უნდა გაიმიჯნოს და ფიზიკური პირებისთვის დაწესებული ზღვარი უნდა გადაიხედოს.
საქმე ისაა, რომ ფინანსთა სამინისტრო უკვე რამდენიმე წელია ქონების გადასახადის რეფორმაზე მუშაობს. უწყებაში ამბობენ, რომ რეფორმის მიზანია როგორც ფიზიკური პირების, ასევე საწარმოების ქონების გადასახადის პრინციპის ცვლილება, იმგვარად რომ ის აღარ იყოს დამოკიდებული შემოსავლებზე. თუმცა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ვერ აკონკრეტებს, როდის შეიძლება ამ მიმართულებით რეფორმა გატარდეს.
როგორც გოცირიძე BMG-სთან აცხადებს, ფიზიკური პირების ქონების გადასახადის დღეს არსებული, 40 ათას ლარიანი ზღვარი მოძველებულია და მისი მოდიფიცირებააა საჭირო.
“კატასტროფული მდგომარეობაა ფიზიკური პირების ქონების გადასახადთან დაკავშირებით. ფაქტობრივად ყოველ მეორე ოჯახს, თუ არა მეტს, ეს გადასახადი გადასახდელი აქვს და არ იციან. ეს ზღვარი შემოღებული იყო 2003 წელს და მას შემდეგ 20 წელზე მეტი გავიდა. როდესაც ეს ზღვარი შემოვიდა, მაშინ მოსახლეობის 95%-ს არ უწევდა მისი გადახდა.
ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში ფასები სამჯერ გაიზარდა, რა თქმა უნდა, გაიზარდა ეკონომიკაც, ინფლაციისა და შემოსავლების ზრდის კვალდაკვალ, ბევრი ოჯახის შემოსავალი უკვე გადასცდა 40 000 ლარს.
40 000 ლარი ეს არ არის ერთი ადამიანის შემოსავალი, არც ორის, ეს არის საოჯახო შემოსავალი. თანაც, 40 000 ლარი ეს არის 20%-ის ჩათვლით საშემოსავლო გადასახადისა. თუკი ოჯახში ორი-სამი ადამიანი მუშაობს და [ჯამურად] 32 000 ლარს იღებს ხელზე წლიურად, ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს ქონების გადასახადი გადასახდელი.
შესაბამისად, ქონების გადასახადის პრინციპი სწრაფადაა შესაცვლელი. უამრავი სხვადასხვა გზაა ამისთვის. შეიძლება გადასახადი დაიწიოს, შეიძლება ზღვარი აიწიოს, შეიძლება ეს გადასახადი მიწის ღირებულებასთან იყოს კავშირში”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.




























