მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

OPEC-ის გადაწყვეტილებამ გლობალურ ეკონომიკას რეცესიისაკენ უბიძგა - IEA

63492013eab9e
გიორგი თოლორდავა
14.10.22 14:30
4372
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) განცხადებით, OPEC-ის გადაწყვეტილებამ, ნავთობის დღიური მიწოდების 2 მილიონი ბარელით შემცირების შესახებ, გლობალურ ეკონომიკას რეცესიისაკენ უბიძგა.

„მზარდი ინფლაციური წნეხისა და მსოფლიოს მასშტაბით გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ფონზე, ნავთობის გაზრდილი ფასები, შესაძლოა, სწორედ ის გარდამტეხი ფაქტორი აღმოჩნდეს, რომელიც გლობალურ ეკონომიკას რეცესიამდე მიიყვანს. უშუალოდ ნავთობის გაძვირება კი OPEC-ის გადაწყვეტილებითაა განპირობებული“, - წერია IEA-ს განცხადებაში.

ცნობისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) 2023 წლის გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0.2 პროცენტული პუნქტით, 2.7%-მდე შეამცირა.

„უარესი ჯერ კიდევ წინ არის. მოსახლეობის დიდი ნაწილი რეცესიას 2023 წელს იგრძნობს. გლობალური ეკონომიკის მესამედი ორი კვარტლის განმავლობაში მშპ-ის შემცირების წინაშე აღმოჩნდება; აშშ-ის, ევროკავშირისა და ჩინეთის ეკონომიკა კი შენელებას განაგრძობს“, - აღნიშნულია IMF-ის უახლეს ანგარიშში.

ენერგეტიკული სააგენტოს პოზიციას იზიარებენ ევროპელი პოლიტიკოსები და აშშ-ის მთავრობაც. თეთრი სახლის განცხადებით, OPEC-ი პირდაპირ იცავს რუსეთის ფედერაციის ინტერესებს და ხელოვნურად ცდილობს ბირჟაზე მაღალი ფასებს შენარჩუნებას.

აღსანიშნავია, რომ საპირისპირო შეფასებები ისმის მოსკოვიდან - ოფიციალური კრემლის განცხადებით, OPEC-ის გადაწყვეტილება „გაწონასწორებული და გააზრებული“ იყო, საუდის არაბეთი და მოკავშირეები კი იმ არეულობის გამოსწორებას ცდილობენ, რომელიც აშშ-მა და ევროკავშირმა გამოიწვიეს.

„ეს იყო OPEC-ის მიერ მიღებული გაწონასწორებული და გააზრებული გადაწყვეტილება, რომელიც ორგანიზაციის წევრებმა თავად მიიღეს, მიუხედავად აშშ-ის საპირისპირო მოთხოვნისა“, - განაცხადა კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

ზოგადად, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაძვირებით ყველაზე დიდ სარგებელს სწორედ OPEC-ის წევრი სახელმწიფოები იღებენ, შესაბამისად, მიწოდების გაზრდა და ფასების შემცირება მათ ინტერესებში არ შედის. გარდა ამისა, გასათვალისწინებელი ფაქტორია რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური გავლენა აღნიშნული ორგანიზაციის დამოკიდებულებასა და დღის წესრიგზე.

OPEC-ის წევრი სახელმწიფოებისათვის ყველაზე ხელსაყრელ საფასო დიაპაზონად ბარელ ნავთობზე 90-100 დოლარი ითვლება, მიწოდების შემცირების პოლიტიკა კი ფასის სწორედ ამ ნიშნულზე შენარჩუნებაზეა მიმართული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები