მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

OpenAI წლიურ სარეკლამო შემოსავალს $2.5 მილიარდიდან $100 მილიარდამდე გაზრდის

openai
სტატიაში საუბარია:

Axios-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ChatGPT-ის შემქმნელი OpenAI მიმდინარე წელს სარეკლამო მიმართულებით $2.5 მილიარდის მიღებას გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ ინვესტორებისთვის წარდგენილი ანგარიშის თანახმად კომპანია 2030 წლისთვის ამ მაჩვენებლის $100 მილიარდამდე ზრდას მოელის. არსებული პროგნოზით, სარეკლამო შემოსავალი 2027 წელს $11 მილიარდს მიაღწევს, 2029 წელს კი $53 მილიარდს გადააჭარბებს.

სემ ოლტმენის სტარტაპში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ზრდის მთავარი განმაპირობებელი მომხმარებელთა რაოდენობის მატება იქნება. OpenAI-ში მოელიან, რომ მათ პოპულარულ AI ჩეთბოტ ChatGPT-ს 2030 წლისთვის კვირაში 2.75 მილიარდი ადამიანი გამოიყენებს.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ შემოსავლების გენერირებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, ჩეთბოტში სარეკლამო რგოლების ტესტირება ChatGPT-ის უფასო ვერსიასა და დაბალბიუჯეტიან Go პაკეტზე მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო. OpenAI-ის წარმომადგენლის განცხადებით, ამერიკულ ბაზარზე საპილოტე პროგრამამ გაშვებიდან ექვს კვირაში $100 მილიონის შემოსავალი მოიტანა. როგორც ირკვევა, ამ ეტაპზე პლატფორმასთან 600-ზე მეტი კომპანია თანამშრომლობს. მიუხედავად იმისა, რომ ანალიტიკოსები სარეკლამო სისტემის დანერგვის გამო მომხმარებელთა უკმაყოფილებას პროგნოზირებენ, კომპანიაში აცხადებენ, რომ მსგავსი სერვისები პლატფორმის მიმართ ნდობაზე უარყოფითად არ იმოქმედებს, რადგან ის განსაზღვრული და მისაღები ფორმით იქნება ჩაშენებული.

აღსანიშნავია, რომ სარეკლამო სტრატეგიით OpenAI Google-ისა და Meta-ს მიერ დომინირებულ ბაზარზე საკუთარი წილის მოპოვებას ცდილობს. ცნობისთვის, 2025 წელს Google-ის სარეკლამო შემოსავალმა $294.69 მილიარდი შეადგინა, Meta-მ კი ამავე პერიოდში $196.18 მილიარდი გამოიმუშავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები