ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული ეკონომიკური სურვილების პაკეტით, ჩვენი ბიუჯეტი ფორმირდება მინუს 6,1 მილიარდით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"რა არის ოპოზიციის შემოთავაზება? – 4 თვით საშემოსავლო გადასახადების განულება, ხოლო შემდგომ 10%-ით შემცირება, რაც ბიუჯეტისთვის ნიშნავს მილიარდზე მეტის დანაკლისს, ასევე გვთავაზობენ აქციზის გადასახადის შემცირებას და ა.შ. ყველა ის სურვილი, რომელსაც ოპოზიცია გვთავაზობს გადასახადების ნაწილში, ბიუჯეტს აკლებს 4,2 მილიარდს. ამის შემდგომ იგივე პარტია გვთავაზობს ხელფასების ნაწილში დახმარების პაკეტს, ჯამში კი მათი ეკონომიკური სურვილების პაკეტით ბიუჯეტი ფორმირდება მინუს 6,1 მილიარდით, რაც 14 %-იან საბიუჯეტო დეფიციტს ნიშნავს.
ვისაც საერთოდ ეკონომიკა ესმის, ძალიან კარგად იცის, რომ ეს რიცხვი ნიშნავს მაკროეკონიმიკური და ფინანსური სტაბილურობის დაკარგვას ქვეყანაში, ხოლო ამ პირობებში არათუ რაიმე დამატებითი სახსრების მოძიება დონორებისგან, არამედ საერთოდ შეუძლებელი იქნებოდა მიმდინარე ხარჯებთან გამკლავება", - განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, მაშინ, როცა მთავრობა ეკონომიკური გეგმის შედგენას ათანხმებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ნებისმიერი თანხა ყოველთვის არის განსჯის საგანი, რადგან ბიუჯეტს თავისი პარამეტრები აქვს.
"ბატონების მიერ შემოთავაზებული პაკეტით მაისში ჩვეულებრივი კოლაფსი იქნებოდა. რისკის ქვეშ დადგებოდა ჯანდაცვის სისტემა, მიმდინარე ოპერაციები და ამის შემდეგ მიადგებოდნენ ალბათ საპენსიო ფონდს", - განაცხადა გახარიამ.