მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ოპოზიცია პრაქტიკულად ჩამოვშალეთ... გუნდი არის ერთიანი და ძლიერი როგორც არასდროს" - ირაკლი კობახიძე

ივანიშვილი კობახიძე
23.07.25 21:41
896

"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ "გუნდი არის ერთიანი და ძლიერი როგორც არასდროს", რაც მისივე თქმით, ქვეყნის განვითარებაზე აისახება.

როგორც მან აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, საპარლამენტო გუნდი არის ერთიანი, როგორც არასდროს, ბევრი ცვლილება განხორციელდა სამთავრობო გუნდში და ის არის ერთიანი და ჯანსაღი, როგორც არასდროს, მათ შორის კორუფციისგან სისუფთავის თვალსაზრისით.

"ძალოვანი სტრუქტურები არის ერთიანი, ძლიერი, კონსოლიდირებული როგორც არასდროს. ეს არის დღევანდელი რეალობა. შეგვიძლია, გავყვეთ თითოეულ სახელსა და გვარს, თითოეულ ორგანოს, თითოეულ სუბიექტს. გუნდი არის ერთიანი და ძლიერი როგორც არასდროს. ამ გუნდს ჰყავს ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ყველაფერი არის შეკრული საერთო იდეის და იმ პრინციპების გარშემო, რომლებიც საფუძვლად დაუდო ბიძინა ივანიშვილმა პარტიას დაფუძნების მომენტიდან. შესაბამისად, ყველა ხედავს, რომ გუნდი არის ძლიერი და უფრო მეტიც, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში აისახება ქვეყნის განვითარებაზე სხვადასხვა მიმართულებით. ერთი პოლიტიკური კუთხით - ოპოზიცია რომ არის მთლიანად დაშლილი, ეს არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის სიძლიერის ერთ-ერთი გამოხატულება. ის, რომ ეკონომიკა იზრდება უპრეცედენტოდ, გასული 4 წლის განმავლობაში პირველ ადგილზე გავიდა ევროპაში და ფართო რეგიონში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გვაქვს უპრეცედენტო ზრდა. ჩვენი ეკონომიკა იყო დაახლოებით 4 300 დოლარი 2020 წელს და ახლა 9 000 დოლარს გადააჭარბა და 10 000 დოლარს გადავცდებით, პირველად ისტორიაში, ამ წლის ბოლოს. ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება ეკონომიკა, ვითარდება ყველა დარგი, ყველა მიმართულება, ძალიან ამბიციური რეფორმები გვაქვს დაგეგმილი. პოლიტიკური კუთხით, ოპოზიცია პრაქტიკულად ჩამოვშალეთ, მთელი ეს რადიკალური ფრთა. ძალიან ძლიერია გუნდი ყველა მიმართულებით და რაც ჩვენთვის განსაკუთრებით მთავარია, ეფექტურად ვზრუნავთ ქვეყნის, ეკონომიკის და სხვადასხვა დარგის განვითარებაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები