მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოპოზიციის შეცდომაა, როცა მთავარ პოლიტიკურ მოთამაშედ არა ამომრჩეველს, არამედ საერთაშორისო საზოგადოებას სახავს - ვახუშტი მენაბდე

იურისტი

კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის შეფასებით, ოპოზიციის მთავარი პრობლემა ის არის, რომ მთავარ პოლიტიკურ მოთამაშედ ქართველ ამომრჩეველს კი არ სახავენ, არამედ საერთაშორისო საზოგადოებას.

ვახუშტი მენაბდე მიიჩნევს, რომ სინამდვილეში, ოპოზიციის ეს მიდგომა იწვევს ადამიანების გაღიზიანებას, რადგან ოპოზიციონერ ლიდერებს ხელისუფლებაზე საერთაშორისო ზეწოლა უფრო ეფექტიან მექანიზმად მიაჩნიათ, ვიდრე ამომრჩევლის.

ვახუშტი მენაბდის პოზიციას, რომელიც მან facebook-ში დაწერა, უცვლელად გთავაზობთ:

“პოლიტიკური პროცესის მამოძრავებელი ძალა ქართველი ხალხია, ის ასეულობით ათასი ამომრჩეველია, რომელიც მზად არის, საკუთარი ხმა დაიცვას. ოპოზიცია კი ამას არ იმჩნევს და გასაღებს ეუთოს დასკვნების აბზაც-აბზაც გარჩევაში ან რომელიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებაში ხედავს.

ოპოზიციის პრობლემა ის კი არ არის, რომ გეგმა არ აქვს, არამედ რის მიღწევას ცდილობს ამ გეგმით. ისინი იქ უშვებენ შეცდომას, სადაც მთავარ პოლიტიკურ მოთამაშედ ქართველ ამომრჩეველს კი არ სახავენ, არამედ საერთაშორისო საზოგადოებას.

სინამდვილეში, ის იწვევს ადამიანების გაღიზიანებას, რომ ოპოზიციონერ ლიდერებს ხელისუფლებაზე საერთაშორისო ზეწოლა უფრო ეფექტიან მექანიზმად მიაჩნიათ, ვიდრე ამომრჩევლის. გაეცანით მათ პოზიციებს და ნათელია, რომ მთავარი აქცენტი საერთაშორისო არაღიარებაზეა.

არსებობს რამდენიმე ფაქტორი რატომაც იქცევიან ასე:

  1. ოპოზიციის კავშირი ამომრჩეველთან მყიფეა. მშვენივრად იციან, რომ ის მხარდაჭერა, რაც მიიღეს, მათდამი ნდობით კი არ იყო განპირობებული, არამედ ოცნების მოშორების სურვილით. კომუნიკაციის არხები ან არ არსებობს ან იმდენად ცუდად მუშაობს, რომ ინფორმაციის სათანადოდ ამოტანა არ შეუძლია;
  2. მათთვის გაცილებით მარტივია ელაპარაკონ საერთაშორისო ბიუროკრატებს და პოლიტიკოსებს. რუტინულ სამუშაო პროცესში მაგიდაზე დაალაგონ მტკიცებულებები, ააგონ მსჯელობის გრძელი ჯაჭვი და ასეთ დაცულ პირობებში დაამტკიცონ, რომ არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი (რაც ნამდვილად ასეა);
  3. ოპოზიციამ არ იცის როგორ მართოს ქუჩის პროტესტი. ხალხი ქუჩაში გამოდის, მუხტი არის, მაგრამ ოპოზიციონერი ლიდერები ისე გამოიყურებიან თითქოს ერჩივნათ არავინ გამოსულიყო და ეს პასუხისმგებლობა არ აეღოთ. არ იციან ამ მუხტს რა უყონ, სად წაიღონ.

    ეს სტრატეგია განწირულია მარცხისთვის, რადგან:

    1. შიდა მხარდაჭერას დაკარგავს;
    2. შიდა მხარდაჭერის გარეშე კი საერთაშორისო არაღიარება არ მოვა.

    რა უნდა შეიცვალოს: საერთაშორისო არაღიარება მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი პოლიტიკური მოთამაშე ის ვერ იქნება. მას მხოლოდ მეორადი, დამხმარის ფუნქცია შეიძლება ჰქონდეს. სანამ ხალხს მოწყვეტილი პოლიტიკური ელიტა ამას არ გააცნობიერებს, მანამდე ის ავტორიტარიზმის სასარგებლოდ იმუშავებს“, - ამბობს ვახუშტი მენაბდე.

    ინფორმაციისთვის, გუშინ სამმა ოპოზიციურმა ერთობამ: “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა”, “კოალიცია ცვლილებისთვის” და “ძლიერი საქართველო” ბრიფინგი გამართეს, სადაც თქვეს, რომ ორშაბათს. 4 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე გაიმართება საპროტესტო აქცია, სადაც მოქმედების გეგმას დააანონსებენ.

    გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

    მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები