საქართველოსთვის შვეიცარია ერთ-ერთი უმსხვილესი საექსპორტო მიმართულებაა. საქსტატის მიხედვით, 2024 წლის პირველ ნახევარში ამ ქვეყანასთან სავაჭრო ბრუნვა 134 მილიონ 404 ათას დოლარამდე გაიზარდა, რაც შვეიცარიასთან ვაჭრობის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.
ამ პერიოდში გაიზარდა როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი. მიუხედავად იმისა, რომ ექსპორტს ვაჭრობაში მცირე წილი უკავია, წლის პირველ ნახევარში ამ მიმართულებით ჯამურად 52 მილიონ 886 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი გაიყიდა, რაც გასული წლის ექსპორტს 25.1%-ით აღემატება. ამგვარად შვეიცარია საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების ათეულში 1.9.%-იანი წილით მეცხრე ადგილზე მოხვდა.
შვეიცარიაში ექსპორტის ძირითად ნაწილს დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული ოქრო წარმოადგენს, რომლის გაყიდვებით მიღებული შემოსავალი კონკრეტულად ამ მიმართულებიდან 18.1%-ით გაიზარდა. ამასთან ექსპორტირებული ოქროს მოცულობა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ოქროს ფასი გაიზარდა. თუ 2023 წლის პირველ ნახევარში შვეიცარიაში 1.34 ტონა ოქრო გავიტანეთ, წელს ამავე პერიოდში ეს რიცხვი 1.25 ტონამდე შემცირდა. რაც შეეხება დანარჩენი საქონლის ჩამონათვალს. შვეიცარიაში გაყიდული TOP-5 პროდუქტის რეიტინგი ასეთია:
- ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული - $45.8 მლნ, 1.25 ტონა;
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $2.9 მლნ, 5 843 ტონა;
- სუნამოები და ტუალეტის წყალი - $1.2 მლნ 7 ტონა;
- კოსმეტიკური საშუალებები - $821 ათასი, 6 ტონა;
- ძვირფასი ლითონებისა მადნები და კონცენტრატები - $594 ათასი, 6 ტონა;
ამ საქონლის გარდა შვეიცარიაში მცირე მოცულობებით თხილი და სხვა კაკალი, ასევე მაჯის, ჯიბის და სხვა ტიპის საათები, ვაქცინების, სისხლი და იმუნური პროდუქტები და მცირე მოცულობებით სხვა საქონელი გავიდა.
შვეიცარიასთან ვაჭრობაში იმპორტს ძირითადი ნაწილი უჭირავს. წლის პირველ ნახევარში საქართველომ ამ მიმართულებიდან ჯამურად 81 მილიონ 517 ათასი დოლარი შეიძინა, რაც გასული წლის იმპორტს 10.5%-ით აღემატება. ვაჭრობის ისტორიაში იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა.
შვეიცარიიდან მთავარი საიმპორტო საქონელი დაფასოებული სამკურნალო საშუალებებია, რომლის შეძენის მაჩვენებელი წლიურად შემცირებულია. იმპორტირებული საქონლის TOP-5-ეული კი ასეთია:
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $30.8 მლნ, 661 ტონა;
- ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები - $25.6 მლნ, 2 ტონა;
- გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - $3.8 მლნ, 22 ტონა;
- ინსექტიციდები და მცენარეთა აღმოცენების საწინააღმდეგო საშუალებები - $1.9 მლნ, 83 ტონა;
- კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები - $1.8 მლნ, 3 671 ტონა;
გარდა ამისა, შვეიცარიიდან შეძენილი საქონლის ჩამონათვალში რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავებს, მაჯის, ჯიბის და სხვა საათებს, სპეცდანიშნულების მანქანებს და მექანიკურ მოწყობილობებს, სატვირთო ავტომობილებს და სხვა დასახელების პროდუქტებს.