საქართველოში ავეჯის იმპორტი 23.6%-ით გაიზარდა.
საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს, 11 თვეში საქართველომ 97 მლნ დოლარის ღირებულების 39,270 ტონა ავეჯი შეისყიდა. მაშინ, როდესაც 2023 წელს, ანალოგიურ პერიოდში ქვეყანაში 31,748 ტონა ავეჯი ჰქონდა შესყიდული, რომლის ღირებულებაც 88,4 მლნ დოლარი იყო.
საქართველოსთვის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა თურქეთია. მისი წილი ავეჯის მთლიან იმპორტში 60%-ს შეადგენს. გასულ წელს, 11 თვეში საქართველომ თურქეთიდან 39,3 მლნ დოლარის ღირებულების 23,588 ტონა ავეჯი შეიძინა. ხოლო 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში თურქეთიდან 37,4 მლნ დოლარის ღირებულების 19,607 ტონა ავეჯი ჰქონდა შეძენილი.
არსებული მონაცემები ცხადყოფს, რომ ამ ბაზარზე საქართველოს იმპორტი 20.3%-ით გაეზარდა.
ავეჯის TOP-10 საიმპორტო ქვეყნის ჩამონათვალი კი 2024 წლის 11 თვეში ასეთია:
- თურქეთი - $ 39,3 მლნ / 23,588 ტონა;
- ჩინეთი - $ 17,1 მლნ / 6,294 ტონა;
- რუსეთი - $ 3,2 მლნ / 1,542 ტონა;
- ბულგარეთი - $2,9 მლნ / 1,087 ტონა;
- იტალია - $ 10,5 მლნ / 889 ტონა;
- უკრაინა - $ 2,5 მლნ / 771 ტონა;
- ბელარუსი - $ 2,2 მლნ / 661 ტონა;
- აზერბაიჯანი - $ 1 მლნ / 587 ტონა;
- ჰონკონგი - $ 1,3 მლნ / 532 ტონა;
- მალაიზია - $ 1,6 მლნ / 514 ტონა.
რაც შეეხება ექსპორტს, ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს, 11 თვეში საქართველომ ავეჯის ექსპორტიდან 12 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო და 3,573 ტონა ავეჯი გაყიდა. ხოლო 2023 წლის 11 თვეში, საქართველოს 4 მლნ დოლარის 1203 ტონა ავეჯი ჰქონდა გაყიდული.
აღნიშნული მონაცემების მიხედვით, საქართველოს ავეჯის გაყიდვიდან შემოსავლები 197%-ით გაეზარდა.
საქსტატის თანახმად, საქართველოსთვის მთავარი საექსპორტო ბაზარი სომხეთია, სადაც გასულ წელს, 11 თვის მონაცემებით ქვეყანამ 5 მლნ დოლარის ღირებულების 2,175 ტონა ავეჯი გაყიდა. მაშინ როდესაც 2023 წელს, საქართველოს 894 ტონა ავეჯი ჰქონდა შეძენილი, საიდანაც ქვეყანამ 2,4 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს კი 143.2%-იან ზრდას უდრის.
ავეჯის TOP-5 საექსპორტო ქვეყნის ჩამონათვალი 2024 წლის 11 თვეში ასეთია:
- სომხეთი - $ 5 მლნ / 2,175 ტონა
- აზერბაიჯანი - $ 5,8 მლნ / 1,226 ტონა
- აშშ - $ 258 ათასი / 77 ტონა
- რუსეთი - $146 ათასი / 33 ტონა
- იტალია - $ 121 ათასი / 11 ტონა
ინფორმაციისთვის, აღნიშნული მონაცემები არ ასახავს სრულად ავეჯის იმპორტისა და ექსპორტის სტატისტიკას, რადგან საქსტატი ავეჯის სხვა სახეობებსა და ნაწილებს ცალკე ითვლის.