მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქრო საქართველოშიც გაძვირდა

ზარაფხანა

ისრაელი-ჰამასის სამხედრო დაპირისპირების ფონზე, საერთაშორისო ბირჟაზე ოქროზე მოთხოვნა იზრდება.  ამ ეტაპზე ოქროს ფასი 2.8%-ითაა გაზრდილი და უნცია მეტალის ღირებულება 1,910 დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 16%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

საერთაშორისო ბაზარზე ფასების ზრდა უკვე აისახა ადგილობრივ ბაზარზე, როგორც კომპანია „ზარაფხანას“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე სამხარაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, ფასი 8 ლარით, 170 ლარამდე გაიზარდა.

„საქართველოში, როგორც გლობალური ეკონომიკის მონაწილე ქვეყანაში, მყისიერად ისახება ის მოვლენები, რაც ხდება მსოფლიოში როგორც ეკონომიკურ, ისე უსაფრთხოების ნაწილში. ამერიკის მხრიდან გაკეთებულმა განცხადებამ იმის თაობაზე, რომ კონფლიქტში მონაწილეობისთვის მზადყოფნას გამოთქვამდნენ, განაპირობა ის, რომ უნცია ოქროს ფასი უკვე 100$-ით გაიზარდა. დაახლოებით 2 კვირაა ფასი კლებისკენ არ წამოსულა. ჩვენთანაც ამ ორ კვირაში ფასი 8 ლარით გაიზარდა გრამი ოქროს ღირებულება და დღეისთვის 170 ლარია. დღეს დილიდან ბირჟებზე ფასის სტაბილურობა შეინიშნებოდა, ამიტომ მოლოდინი გვაქვს რომ ფასის ზრდა შეჩერდება და პანიკურ ქცევაში არ გადაიზრდება“, - განაცხადა სამხარაძემ.

რაც შეეხება მოთხოვნას, კომპანიაში ამბობენ, რომ მოთხოვნა მზარდია და მყიდველების 95%-ს ადგილობრივები წარმოადგენენ. ყველაზე გაყიდვად ნივთებშია 3 000-ლარიანი სამკაულები.

„სტაბილურად მზარდი მოთხოვნა გვაქვს, 95% ისევ რჩება საქართველოს მოქალაქეები და ის ფაქტი, რომ ჩვენი ბრენდის ზრდაში ჩვენი მოქალაქეები მონაწილეობენ, ერთდროულად საამაყო და საპასუხისმგებლოა.

დიდი პოპულარობით სარგებლობს პროდუქცია, რომელიც ქართულ მოტივებზეა შექმნილი, უახლოესი კოლექცია გვაქვს „სამოსის.“ კოლექცია შექმნილია ჩვენი წინაპრების სამოსის ორნამენტების მიხედვით და ეს ხაზიც საკმაოდ მოთხოვნადია. პოპულარულია 3 ათას ლარამდე ნაკეთობები, მაგრამ ნიშნობას თუ ეხება საქმე, მაშინ მოთხოვნა მერყეობს 5-იდან 7ათას ლარამდე ბეჭდებზე.

ყველაზე ძვირად ღირებული ამჟამად გვაქვს სამოსის კოლექციიდან ჩვენი საამაყო კოლიე, რომელიც 42 000 ლარი ღირს“, - განაცხადა თორნიკე სამხარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები