მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქროს ფასი

oqros-fasi-saqartveloshi

ისტორიულად, ოქრო ვაჭრობის პირვანდელი სტილის, ბარტერის საშუალებას წარმოადგენდა. სხვადასხვა ცივილიზაციები ამ ლითონისაგან მოჭრილ მონეტებს კომერციული ტრანზაქციებისათვის იყენებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ოქროს სტანდარტზე ქვეყნებმა დროთა განმავლობაში უარი თქვეს, ძვირფასი ლითონის მნიშვნელობა გლობალურ ფინანსურ სისტემაში არ შემცირებულა.

თანამედროვე სამყაროში, სადაც ფული უკვე ციფრული სახით არსებობს, ბევრს უჩნდება კითხვა - რა მნიშვნელობა აქვს ოქროს დღევანდელ რეალობაში? პასუხი მარტივია - ოქროს ფასი კვლავ რჩება ინვესტორთა ყურადღების ცენტრში, როგორც საიმედო აქტივი არასტაბილურ ეკონომიკურ გარემოში.

ვინ არეგულირებს ოქროს ფასს?

ხშირად პირველი კითხვა ოქროსთან დაკავშირებით არის თუ ვინ არეგულირებს და აკონტროლებს მის ფასს. არსებობს თუ არა ორგანოები, რომლებიც ამაზე პასუხისმგებლები არიან და ეს ორგანოები ეროვნულია თუ საერთაშორისო?

ოქროს ფასის განსაზღვრა კომპლექსური პროცესია და არ არის ერთი კონკრეტული ორგანიზაციის დაქვემდებარებაში. მასში მონაწილეობას როგორც გლობალური, ისე ადგილობრივი აქტორები იღებენ. საერთაშორისო დონეზე ოქროს ფასები ძირითადად ლონდონის ოქროს ბაზრისა და ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟის (COMEX) მიერ განისაზღვრება.

ადგილობრივ დონეზე, ოქროს ფასი იმ აქტორების მიერ დგინდება, რომლებიც, როგორც წესი, ოქროთი მოვაჭრე ასოციაციებში არიან გაწევრიანებულნი. მაგ. ინდოეთის შემთხვევაში, ინდოეთის ძვირფასი ლითონების და სამკაულების ასოციაცია (IBJA) თამაშობს წამყვან როლს ყოველდღიური ფასის დადგენაში. ასოციაციაში შემავალი დიდი დილერები განსაზღვრავენ ოქროს ფასებს ქვეყნის მასშტაბით, საერთაშორისო ბაზრების დინამიკის, ადგილობრივი მოთხოვნა-მიწოდების, ვალუტის კურსსა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.

ამრიგად, ოქროს ფასი ყალიბდება გლობალური და ლოკალური ძალების ურთიერთქმედებით, სადაც ლონდონისა და ნიუ-იორკის ბირჟებს განსაკუთრებული გავლენა აქვთ საერთაშორისო ფასზე, ხოლო ადგილობრივი მოთამაშეები ახდენენ ამ ფასის ადაპტირებას კონკრეტული ბაზრის პირობებთან.

ფაქტორები, რომლებიც ფასის ცვლილებას განაპირობებს

ოქროს ფასი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა საბაზრო საქონლის ფასი, განისაზღვრება მოთხოვნისა და მიწოდების ბალანსით. თუმცა, ოქროს შემთხვევაში, ეს ფაქტორები მეტად კომპლექსურია და მოიცავს როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ და სოციალურ ასპექტებს.

ეკონომიკური და გეოპოლიტიკური სიტუაცია

ოქროს ფასი მგრძნობიარეა ეკონომიკური და პოლიტიკური არასტაბილურობის მიმართ. ეკონომიკური კრიზისის, ომების ან სხვა გლობალური რყევების პერიოდში ინვესტორები, იწყებენ უსაფრთხო აქტივების ძებნას, რაც ოქროზე მოთხოვნას და, შესაბამისად, მის ფასს ზრდის.

მაგალითად, 2016 წელს გაერთიანებული სამეფოს მიერ ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილებამ (Brexit) მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ოქროს ფასზე. Brexit-ის რეფერენდუმის შედეგების გამოცხადებისთანავე, ოქროს ფასი მკვეთრად გაიზარდა, რადგან ინვესტორებმა ფინანსური ბაზრების არასტაბილურობის ფონზე, უსაფრთხო აქტივების, მათ შორის ოქროს, შეძენა დაიწყეს. ფუნტი სტერლინგი მნიშვნელოვნად გაუფასურდა, ხოლო ევროპულმა საფონდო ბირჟებმა დაღმასვლა განიცადეს, რაც კიდევ უფრო ზრდიდა მოთხოვნას ოქროზე.

ინფლაცია და ვალუტის კურსები

ოქრო ტრადიციულად ინფლაციისგან დაცვის საშუალებად განიხილება. როდესაც ინფლაცია იზრდება, ინვესტორები ხშირად იწყებენ ოქროში ფულის დაბანდებას, რადგან მისი ფასი, როგორც წესი, ინფლაციის პროპორციულად იზრდება. მაგალითად, 1970-იან წლებში, როდესაც აშშ-ში ინფლაცია 10%-ზე მეტი იყო, ოქროს ფასი გაიზარდა 2,300%-ით - 35 დოლარიდან 850 დოლარამდე უნციაზე.

გარდა ამისა, აშშ დოლარის კურსი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ოქროს ფასზე, რადგან ოქროთი ვაჭრობა ძირითადად დოლარში ხდება. როცა დოლარი სუსტდება სხვა ვალუტებთან მიმართებით, ოქრო იაფდება, რაც ზრდის მასზე მოთხოვნას და, შესაბამისად, მის ფასს ზრდის. ასე მოხდა, მაგალითად, 2000-იანი წლების დასაწყისში, როდესაც დოლარი გაუფასურდა ევროსთან მიმართებით.

მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი

როგორც ნებისმიერი სხვა საქონლის შემთხვევაში, ოქროს ფასსაც მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობა განსაზღვრავს. ოქროზე მოთხოვნას განაპირობებს, როგორც სამრეწველო და საიუველირო დანიშნულებები, ისე ინვესტიციები.

სამრეწველო მოხმარება მოიცავს ოქროს გამოყენებას ელექტრონიკაში, სამედიცინო და კბილის საიმპლანტაციო მასალებში. საიუველირო ინდუსტრია კი ოქროს უმსხვილესი მომხმარებელია, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში როგორც ინდოეთი და ჩინეთი, სადაც ოქრო ტრადიციულად სიმდიდრისა და სტატუსის სიმბოლოა. ამ სფეროების ეკონომიკური ზრდა ოქროს მოთხოვნაზე პირდაპირ აისახება.

ინვესტიციებიდან მომდინარე მოთხოვნა დამოკიდებულია ინვესტორთა განწყობაზე ბაზრის მიმართ. როდესაც ტრადიციული ინვესტიციები (მაგ., აქციები ან ობლიგაციები) ნაკლებად მიმზიდველი ხდება, პორტფელის დივერსიფიკაციისა და რისკების შესამცირებლად, ინვესტორები ხშირად გადადიან ოქროს შეძენაზე.

ოქროს მიწოდება დამოკიდებულია ოქროს მოპოვებასა და გადამუშავებაზე. ძირითადი ოქროს მომპოვებელი ქვეყნები ჩინეთი, ავსტრალია, რუსეთი, აშშ და კანადაა. გარდა ახლის მოპოვებისა, მიწოდების მასშტაბებზე დიდი გავლენა აქვს ასევე გადამუშავებულ ოქროსაც. ისეთი ცვლილებები, როგორიცაა ახალი საბადოების აღმოჩენა ან მოპოვების პროცესში გაუთვალისწინებელი სირთულეები, ცხადია, ოქროს ფასზე აისახება.

ცენტრალური ბანკების პოლიტიკა

ცენტრალური ბანკები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ოქროს ბაზარზე. მათ შეუძლიათ შეისყიდონ ან გაყიდონ ოქრო საკუთარი რეზერვების შესავსებად ან ეკონომიკური სიტუაციის სამართავად. მაგალითად, 2018-2019 წლებში რუსეთის, თურქეთისა და ჩინეთის ცენტრალურმა ბანკებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს ოქროს შესყიდვები, რამაც ხელი შეუწყო ოქროზე ფასის ზრდას.

ცენტრალური ბანკების მონეტარული პოლიტიკა, მაგ. საპროცენტო განაკვეთების ცვლილება, ასევე ახდენს გავლენას ოქროს ფასზე, რადგან განაპირობებს ინვესტორთა ქცევას. დაბალი საპროცენტო განაკვეთები ხშირად ამცირებს ობლიგაციების მიმზიდველობას და აიძულებს ინვესტორებს ალტერნატიული ინვესტიციების, მათ შორის ოქროს, ძიებას.

ოქროს ფასის ისტორიული მიმოხილვა - ფასების ცვლილება წლების განმავლობაში

ზემოთ განხილული ფაქტორების ზემოქმედებით არაერთხელ მნიშვნელოვნად შეცვლილა ოქროს ფასი. მაგალითად, 1970-იან წლებამდე ოქროს ფასი შედარებით სტაბილური იყო, რადგან მსოფლიოს წამყვანი ვალუტები, განსაკუთრებით აშშ დოლარი, ოქროს სტანდარტს ეფუძნებოდა. თუმცა, 1971 წელს, აშშ-ის პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა ოქროს სტანდარტის გაუქმების შესახებ განაცხადა, რამაც მნიშვნელოვნად შეცვალა ოქროს ბაზრის დინამიკა. ოქროს ფასი, რომელიც 1970 წელს თითო უნციაზე 35 აშშ დოლარს შეადგენდა, 1980-იანი წლების დასაწყისისთვის 850 დოლარამდე გაიზარდა, რაც ნაწილობრივ მაღალი ინფლაციითა და გეოპოლიტიკური დაძაბულობით იყო განპირობებული.

1980-იან წლებში ოქროს ფასი მნიშვნელოვნად დაეცა, ნაწილობრივ აშშ-ში ინფლაციის შემცირებისა და დოლარის გაძლიერების გამო. 1990-იან წლებში კი ფასები შედარებით სტაბილური იყო და მერყეობდა 300-400 დოლარის ფარგლებში.

2000-იანი წლების დასაწყისიდან ოქროს ფასმა კვლავ დაიწყო ზრდა, განსაკუთრებით 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ. ინვესტორები მიისწრაფოდნენ ოქროსკენ, როგორც უსაფრთხო აქტივისკენ ეკონომიკური არასტაბილურობის პირობებში. 2011 წელს ოქროს ფასმა იმ დროისთვის ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია - 1,900 აშშ დოლარზე მეტს უნციაზე. თუმცა, შემდგომ წლებში ფასები გარკვეულწილად დასტაბილურდა.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ოქროს ფასი საშუალოდ 1,200-1,400 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობდა, თუმცა კვლავ ნარჩუნდებოდა მოკლევადიანი რყევები სხვადასხვა ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ფაქტორების გავლენით. მაგალითად, 2020 წელს, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური გაურკვევლობის ფონზე, ოქროს ფასმა ახალ ისტორიულ მაქსიმუმს - უნციაზე 2,000 აშშ დოლარს გადააჭარბა.

ოქროში ინვესტირების დადებითი და უარყოფითი მხარეები

ოქრო ისტორიულად განიხილება როგორც სტაბილური და საიმედო ინვესტიცია, განსაკუთრებით ეკონომიკური არასტაბილურობის პერიოდში. ის ითვლება ჰეჯირების ინსტრუმენტად, რომელიც ინფლაციისა და ეკონომიკური არასტაბილურობის წინააღმდეგ მოქმედებს. ისტორიულად, ოქროს ფასი იზრდებოდა მაშინ, როდესაც ბაზარზე ზოგადი ფასების ზრდა შეინიშნებოდა, რაც ინვესტორებს ქონების ღირებულების შენარჩუნებაში ეხმარებოდა.

გარდა ამისა, ოქროს დამატება საინვესტიციო პორტფელში შეიძლება რისკების შემცირების ეფექტური გზა გახდეს, რადგან ოქროს ფასს ხშირად აქვს დაბალი ან უარყოფითი კორელაცია სხვა აქტივებთან, როგორიცაა აქციები და ობლიგაციები. ეს ნიშნავს, რომ როდესაც სხვა აქტივების ფასი ეცემა, ოქროს ფასმა შეიძლება მოიმატოს ან სულ მცირე დარჩეს სტაბილური, რითაც პორტფელის საერთო ზარალს დააბალანსებს.

თანამედროვე ალტერნატივა, რომ განვიხილოთ ზოგიერთი ინვესტორი ფიქრობს, რომ ბიტკოინის ყიდვა შეიძლება იყოს თანამედროვე ალტერნატივა ოქროს ინვესტიციისთვის, რადგან ბიტკოინსაც ახასიათებს მსგავსი ჰეჯირების თვისებები. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ბიტკოინი გაცილებით უფრო მერყევი და რისკიანი აქტივია, ვიდრე ოქრო.

თუმცა, როგორც საინვესტიციო აქტივს, ოქროსაც აქვს გარკვეული სისუსტეები. ერთ-ერთი მთავარი ნაკლი ისაა, რომ მას არ მოაქვს მიმდინარე შემოსავალი დივიდენდების ან პროცენტების სახით, განსხვავებით აქციებისა და ობლიგაციებისგან. ოქროს ინვესტიციებიდან უკუგების მიღება შესაძლებელია მხოლოდ მისი ფასის ზრდის შედეგად. ეს ნიშნავს, რომ ოქრო ხშირად არ არის საუკეთესო არჩევანი ინვესტორებისთვის, რომლებსაც სტაბილური შემოსავალი ესაჭიროებათ.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ოქროს ფასს ხშირად მიიჩნევენ სტაბილურად, ის მაინც ექვემდებარება მოკლევადიან ცვალებადობას სხვადასხვა ფაქტორის გამო. ოქროს ფასი სენსიტიურია ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური მოვლენების მიმართ, რაც რთულს ხდის მისი ფასის პროგნოზირებას.

ოქროს ფასი საქართველოში

საქართველოში ოქროს ბაზარი ჯერ კიდევ განვითარებადია, თუმცა ბოლო წლებში შეინიშნება მზარდი ინტერესი ოქროში ინვესტირების მიმართ. ქვეყანაში ოქროს ფასი ძირითადად განისაზღვრება მსოფლიო ბაზრის ტენდენციების შესაბამისად.

ოქროს ფასი ლარში დგინდება საერთაშორისო ოქროს ფასისა და ლარი/დოლარის გაცვლითი კურსის გათვალისწინებით. შესაბამისად, ლარის კურსის მერყეობა დოლართან მიმართებით პირდაპირ აისახება ადგილობრივ ბაზარზე ოქროს ფასზე .

ბოლო წლების განმავლობაში, ოქროს ფასმა საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. მაგალითად, 2020 წელს, პანდემიით გამოწვეული კრიზისის პერიოდში ოქროს ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, რაც ქართულ ბაზარზეც აისახა.

გარდა ამისა, ოქროს ფასზე პირდაპირ გავლენას ახდენს საქართველოს ეკონომიკა და გეოპოლიტიკური სიტუაცია რეგიონში. ეკონომიკური არასტაბილურობის ან პოლიტიკური დაძაბულობის პერიოდებში მოთხოვნა ოქროზე, როგორც წესი, იზრდება, რაც ზრდის მის ფასს.

სავარაუდოდ, ოქროს ფასი მომავალშიც იქნება დამოკიდებული იმავე ფაქტორებზე, რომლებიც დღეს მსოფლიო ეკონომიკის განვითარებას განსაზღვრავენ. მაგრამ ერთი რამ ნათელია: სანამ ადამიანები, ეკონომიკური არასტაბილურობის პირობებში, უსაფრთხო აქტივებს ეძებენ, ოქრო დარჩება ერთ-ერთ ყველაზე სასურველ და სანდო არჩევნად დარჩება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები