მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქროს ქართველებზე მეტად, სომხები და აზერბაიჯანელები ყიდულობენ - ძვირფასი ლითონის ექსპერტი

ოქრო
გიგა ბენია
10.03.24 19:31
601
სტატიაში საუბარია:

ბრილიანტისა და ოქროს ექსპერტ-შემფასებელი გულიკო მორჩილაძე ამბობს, რომ "ოქროს ბირჟაზე" მომხმარებელთა რაოდენობა შემცირდა, თუმცა ოქროზე მოთხოვნა მაინც მაღალია. როგორც ის Bmg-სთან ამბობს, განსაკუთრებით, აზერბაიჯანისა და სომხეთის მოქალაქეები აქტიურობენ.

"სხვა წლებთან შედარებით, მაღალი აქტიურობა არ არის, თუმცა მოთხოვნა მაინც არის, განსაკუთრებით, აზერბაიჯანელებისა და სომხებისგან. ქართველები პასიურობენ, ნაკლებად შემოდიან. ქართველები უცხოეთში მიდიან, იქ ყიდულობენ, უცხოელებისთვის კი ჩვენთან ოქრო უფრო იაფია, ვიდრე სხვა ქვეყნებში", - ამბობს გულიკო მორჩილაძე.

ბრილიანტისა და ოქროს ექსპერტ-შემფასებლის თქმით, აქტიურობა რუსეთის მოქალაქეების მხრიდანაც შეინიშნება, თუმცა, მისი თქმით, ისინი ნაკლებს იხდიან, ვიდრე სომხები და აზერბაიჯანელები.

"რუსებიც დადიან, მაგრამ ისინი არც ძალიან მაღალფასიანს ყიდულობენ და არც დაბალფასიანს. დაახლოებით $200-დან ზევით ყიდულობენ. უფრო მეტად ვერცხლს ეტანებიან. სომხები და აზერბაიჯანელები კი ოქროს ყიდულობენ, ისინი 1000 და 2000, 5000 დოლარამდე იხდიან", - ამბობს ის.

ცნობისთვის, საერთაშორისო ბირჟაზე უნცია ოქროს ღირებულება 2165 დოლარს უკვე გადასცდა. საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასის რეკორდულად გაზრდის ფონზე, საქართველოში ოქრო ძვირდება. "ოქროს ბირჟაზე" ამბობენ, რომ ყველა სახის ოქროზე ღირებულება 10%-ით გაიზარდა. რეალიზატორები ფასების კიდევ უფრო მატებას ელიან.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები