მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ორ წელიწადში თხილის მოსავლიანობის გაორმაგება შეგვიძლია“ - თხილის მწარმოებელთა ასოციაცია

სოფლის მეურნეობა

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის შეფასებით, საქართველოში ორ წელიწადში თხილის მოსავლიანობის გაორმაგება შესაძლებელია. ამის შესახებ მერაბ ჭითანავამ „საქმიან დილაში“ სტუმრობისას ისაუბრა.

წელს ასოციაციაში ქვეყნის მასშტაბით 50 000 ტონა თხილის მოსავლის მიღებას პროგნოზირებენ, რადგან ამას კლიმატური პირობებიც უწყობდა ხელს. გაერთიანების აღმასრულებელი საბჭოს ხელმძღვანელი იმასაც ამბობს, რომ მოსავლიანობის ზრდისთვის მნიშვნელოვანია ფერმერებმა სახელმწიფოს სუბსიდირების მექანიზმი გასულ წელთან შედარებით უფრო მიზნობრივად გამოიყენონ. ის თვლის, რომ ქვეყანაში თხილის მოსავლიანობის გაზრდის ბევრად დიდი რესურსი არსებობს და თავის შეფასებას ასე განმარტავს: „საქართველოში თხილის ბაღები დაახლოებით 70 000 ჰა-ზეა გაშენებული. თხილის ბაღის მაქსიმალური მოსავლიანობა 1 ჰა-ზე შეიძლება 3.5-4 ტონაზე გავიდეს, თუმცა სტატისტიკურად 1.5 ტონაზეც, რომ გავიდეთ ამისთვის იმ მოსახლეობის 70%-მა, ვისაც თხილის ბაღი აქვს, აგროღონისძიებები უნდა ჩაატაროს და 2 წელიწადში 1 ჰა-ზე საშუალო მოსავლიანობა 1,5 ტონამდე გაიზრდება, რაც იმას ნიშნავს რომ 2 წელიწადში დაახლოებით 110 000 ტონა თხილის მოსავალს ავიღებთ, ანუ მოსავლიანობის გაორმაგება შეგვიძლია.

მოსავლიანობის მხრივ იტალია თურქეთის შემდეგ მეორე ადგილზეა და წლიურად 110 000- 120 000 ტონა თხილი მოჰყავთ. მოსავლიანობას თუ გავზრდით იტალიას გავუსწორდებით“.

მერაბ ჭითანავა იმასაც ამბობს, რომ კახეთში 1 ჰა-ზე მოსავლიანობა უფრო მაღალია ვიდრე სამეგრელოში.

„კახეთში საშუალო მოსავლიანობა 1 ჰა-ზე 2.5 ტონას აღემატება, 3-3.5 ტონაც არის რიგ შემთხვევაში, დასავლეთ საქართველოში საშუალო მოსავლიანობა 500-700 კგ-ია. ეს მხოლოდ ცნობიერების ფაქტორის გამო არ ხდება, უკანასკნელ წლებში კლიმატური პირობები და ფაროსანას ეფექტი ჩვენს სექტორზე მნიშვნელოვნად აისახა, თუმცა ბუნებრივია, რომ ფერმერების ჩართულობა განმსაზღვრელია“, - აცხადებს საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე და დასძენს: „დღეს ისე მიმდინარეობს მომავალი სეზონისთვის მზადება, რომ არსებობს მკაფიო მოლოდინი იმის რომ მომავალი წელი მაღალი ფასით დაიწყება, რაც მხოლოდ მაღალი ხარისხის თხილზე იქნება“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები