მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ორბანმა მიიღო დაპირება, რომ აშშ განიხილავს უნგრეთისთვის გამონაკლის რუსული ნავთობის ყიდვაზე

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს შეხვდა. როგორც DW წერს, ორბანმა მიიღო დაპირება, რომ აშშ განიხილავს უნგრეთისთვის გამონაკლისი დაწესდეს რუსული ნავთობის სანქციების საკითხზე.

ორი ქვეყნის ლიდერს შორის მოლაპარაკებების მთავარი თემა სწორედ სანქციები იყო. აშშ-მა რუსულ ნავთობკომპანიებს სანქციები 2025 წლის ოქტომბერში დაუწესა და სურს ევროკავშირმა შეწყვიტოს რუსული საწვავის ყიდვა, თუმცა ეს რთული საკითხია უნგრეთისთვის. ვიქტორ ორბანს, რომელიც ევროკავშირის აკრიტიკებს რუსეთის სანქციების გამო და უკრაინის დახმარებას ბლოკავს, სურს ამერიკამ გამონაკლისი დაუშვას და რუსული ნავთობის შესყიდვა განაგრძოს.

ტრამპმა ორბანს თეთრ სახლში უმასპინძლა. ოვალურ ოფისში უნგრეთის ლიდერმა განაცხადა, რომ მან აშშ-ის პრეზიდენტს აუხსნა რა შედეგებს მოუტანს უნგრელ ხალხს და ქვეყნის ეკონომიკას თუ რუსეთიდან გაზს და ნავთობს არ იყიდიან. „ჩვენ მილსადენებით ვმარაგდებით. მილსადენი არ არის იდეოლოგიური ან პოლიტიკური საკითხი. ეს არსებული რეალობაა, რადგან პორტები არ გვაქვს,“ - თქვა ორბანმა.

თავის მხრივ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპის ლიდერებმა მეტი პატივისცემა უნდა გამოიჩინონ ორბანის მიმართ. მისივე თქმით, შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს ენერგეტიკულ თანამშრომლობაზე, ვაჭრობასა და უკრაინაში მიმდინარე ომზე.

ტრამპის ადმინისტრაციამ, რომელიც ბოლო დრომდე თავს იკავებდა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებისგან იმ მოტივით, რომ ეს ხელს შეუშლიდა უკრაინაში ომის დასრულებისკენ მიმართულ სამშვიდობო პროცესს, 22 ოქტომბერს სანქციები დაუწესა რუსეთის უმსხვილეს ნავთობკომპანიებს „ლუკოილს“ და „როსნეფტს“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები