მთავრობამ ეროვნულ ბანკს 28.6 მლნ ლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით გულიას სამ ნომერში მდებარე მიწა და მშენებარე შენობა-ნაგებობა მიჰყიდა.
აღნიშნული ინფორმაცია BM.GE-ის ეკონომიკის სამინისტროში დაუდასტურეს და განავრცეს, რომ ქონებასთან ერთად მარეგულირებელ უწყებას უკვე მომზადებული შენობის პროექტიც გადაეცემა.
დაექვემდებარება თუ არა დემონტაჟს შენობა, რომლის ასაშენებლადაც 10 მლნ ლარი დაიხარჯა და ფუნქციის მოძებნა 6 წელზე მეტია ვერ ხერხდება, ეროვნულ ბანკში არ ამბობენ, თუმცა 28.6 მლნ ლარად შეძენილ მიწაზე რომ ახალი ოფისის აშენება იგეგმება, ეროვნული ბანკი გარკვევით წერს.
ეს შენობა და მიწის ნაკვეთი თავდაპირველად ბიზნეს სახლის პროექტისთვის განიხილებოდა, შემდეგ კი ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ტერიტორიაზე ეკონომიკის სამინისტროს ახალი ოფისი უნდა აშენებულიყო. მომზადდა პროექტიც, რაშიც კონტრაქტორ კომპანია შპს "მიდამოს" ქონების მართვის სააგენტომ 1.7 მლნ ლარი გადაუხადა.
კითხვებით მივმართეთ ოფისის გარეშე დარჩენილ ეკონომიკის სამინისტროს, სადაც ამ დროისთვის საჯარო განცხადებებს ოფისის ცვლილებასთან დაკავშირებით არ აკეთებენ, თუმცა ამბობენ, რომ ეროვნულ ბანკს ტერიტორია ეკონომიკის სამინისტროს შენობისთვის გაკეთებულ პროექტთან ერთად გადაეცემა, რაშიც 1.7 მლნ ლარი გადავიხადეთ.
"საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიმართა თხოვნით, თბილისში, დიმიტრი გულიას ქუჩაზე, №3-ში მდებარე მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული მშენებარე ნაგებობის (ე.წ. ყოფილი ბიზნეს-სახლი) პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების თაობაზე.
ეროვნული ბანკის განმარტებით, ქონება ესაჭიროებათ ადმინისტრაციული შენობის (სათავო ოფისის) ასაშენებლად. ეკონომიკის სამინისტრომ განიხილა ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი დასაბუთება, გაითვალისწინა მისი საჭიროება და მიიღო გადაწყვეტილება შენობის პრივატიზებასთან დაკავშირებით.
საპრივატიზებო თანხა 28 669 365 ლარს შეადგენს. ქონებასთან ერთად ეროვნულ ბანკს გადაეცემა მანამდე მომზადებული შენობის პროექტიც", - წერია ეკონომიკის სამინისტროს პასუხში.
ეკონომიკის სამინისტროს შენობის პროექტზე მომუშავე კომპანია "მიდამოს" დირექტორი გიორგი ჭყონია ამბობდა, რომ ადგილზე ორი 10-სართულიანი შენობა უნდა აშენებულიყო. შესაბამისი ესკიზები სამინისტროს უკვე მზად აქვს, თუმცა ამ დრომდე არ ასაჯაროებს. თუ ეკონომიკის სამინისტროს დავეყრდნობით, სადაც ამბობენ, რომ ეროვნულ ბანკს მიწის ნაკვეთთან ერთად მომზადებული პროექტიც გადაეცა, გამოდის, რომ სამინისტროსთვის დაპროექტებული შენობა ამჯერად ეროვნული ბანკისთვის აშენდება.
კითხვაზე - ხომ არ იგეგმება არსებული პროექტის კორექტირება, ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ შესაძლოა, არსებულ პროექტში ცვლილებები შევიდეს.