მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ორი კომპანია, ვისთანაც სახელმწიფომ $91-მილიონიანი კონტრაქტი გაწყვიტა - მიზეზები

637789cf0d35f
თელარა გელანტია
19.11.22 08:56
1078
რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ორ კონტრაქტორთან ხელშეკრულება გაწყვიტა და საარბიტრაჟო დავებია მოსალოდნელი, რისთვისაც სახელმწიფო შპს საერთაშორისო იურიდიული ფირმის დაქირავებას გეგმავს. ამაზე კი 3,550,000 ლარის დახარჯვა არის დაგეგმილი.

კონტრაქტის გაწყვეტის მიზეზი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში სამუშაოების შეუსრულებლობაა, ამიტომ BMG დაინტერესდა, როდის და რომელ კომპანიებთან გაწყვიტა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ კონტრაქტი და სად და რამდენი მილიონის სამუშაოები ჰქონდათ მათ ჩასატარებელი.

როგორც BMG-ს მიერ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან ოფიციალურად გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, საუბარია $91-მილიონიანი ხელშეკრულების გაწყვეტაზე. კონტრაქტები წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ეხება; დონორი აზიის განვითარების ბანკია (ADB).

კერძოდ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წელს კონტრაქტი გაწყვიტა აზერბაიჯანულ კომპანია Akelik Group OJSC-თან, რომელიც სამუშაოებს ქალაქ ბოლნისსა და ქალაქ მარნეულში ახორციელებდა. კონტრაქტის ღირებულება იყო 55,940,022 აშშ დოლარი, ხოლო სამუშაოების დასრულების ვადა 2021 წლის 29 მარტი.

ხელშეკრულება მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების და ბოლნისის წყალარინების სისტემისა და კოლექტორის მშენებლობას ითვალისწინებდა.

რაც შეეხება მეორე შეწყვეტილ ხელშეკრულებას, ის ფოთის წყალარინების სისტემის მშენებლობას გულისხმობდა, სადაც კონტრაქტორ კომპანიას წარმოადგენდა ჰოლანდიური Tahal Group BV. ხელშეკრულების ღირებულება 35,309,465 აშშ დოლარი იყო. როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან მოგვწერეს, კონტრაქტორ კომპანიას სამუშაოები ჯერ კიდევ 2020 წლის 31 ივლისს უნდა დაესრულებინა.

„ზემოაღნიშნული ორივე კონტრაქტორის შერჩევა მოხდა საერთაშორისო, ღია და გამჭვირვალე ტენდერის გზით, დონორი ორგანიზაციის, აზიის განვითარების ბანკის წესების შესაბამისად, საერთაშორისო სატენდერო პროცედურების დაცვით (International competitive bidding - ICB)“, - მოგვწერეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან BMG-ის ერთ-ერთი კითხვის პასუხად, რომელიც კონტრაქტორების შერჩევის კრიტერიუმებს შეეხებოდა. 

ამასთან, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში გვითხრეს, რომ როგორც ფოთის, ისე მარნეულის და ბოლნისის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ახალი კონტრაქტები გაფორმდა. „მარნეულსა და ბოლნისში სამუშაოები უკვე დაწყებულია და ფოთიც მალე დაიწყება“, - ამბობენ სახელმწიფო კომპანიაში.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ირწმუნებიან, რომ „სხვა ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ხორციელდება“.