პარლამენტის ყოფილი წევრი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" მთავრობის მხრიდან სახელმწიფო საწარმოებზე აქცენტი იმის ლუსტრაციაა, რომ მხოლოდ ერთ წელში 700 მლნ ლარის გაფლანგვა ხდებოდა.
რომან გოცირიძემ საკითხზე "ანალიტიკას" ეთერში ისაუბრა და გამოყო ის ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორები, რაც მისი შეფასებით, სახელმწიფო საწარმოების რეფორმის საკითხის ახლა გააქტიურების მიზეზი გახდა. მისი თქმით, რეალურად საწარმოებში მოხდა ირაკლი ღარიბაშვილის კადრების ჩანაცვლება.
"სახელმწიფო საწარმოების რეფორმას 10 წელიწადზე მეტია ითხოვს სავალუტო ფონდი და პროგრამის შეჩერების ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ ფაქტობრივად, როგორც საკუთარი საოჯახო ბიზნესი, ასე გამოიყენებოდა "ქართული ოცნების" მიერ სახელმწიფო საწარმოები, იძარცვებოდა ქვეყანა. კობახიძის ეს განცხადება არის თვითლუსტრაცია. თქვა, რომ "ქართულმა ოცნებამ" მხოლოდ ერთ წლის განმავლობაში სახელმწიფო საწარმოების სექტორში მოიპარა, მიითვისა ან გაფლანგა 700 მილიონი ლარი. აი ისეთი კატასტროფული რიცხვებია. ჩვენ ვაკეთებდით ანალიზს, ხელი მიგვიწვდებოდა საჯარო სექტორზე, როგორიც არის სახელმწიფო დაწესებულებები, სამინისტროები, დეპარტამენტები, უწყებები, სსიპ-ები, ააიპ-ები, მუნიციპალური სხვადასხვა ორგანიზაციები. როდესაც პარლამენტში ვიყავით ჩვენმა პოლიტიკურმა ჯგუფმა დავთვალეთ და 300 მილიონი ლარი იფლანგებოდა ყოველწლიურად. აფორმებდნენ თავიანთ ნათესავებს, კორუფცია, ტენდერებში იმარჯვებდნენ და ასე შემდეგ. წარმოიდგინეთ ორი სფერო, საჯარო სექტორი და კერძო სამართლის სექტორი, ანუ სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოები, მილიარდი ლარია და თანაც ამას როგორ ღიმილით და იმ თავმოწონებით ამბობს. რატომ ახლა, როდესაც 10 წელიწადზე მეტია ამას ითხოვს ყველა და მით უმეტეს სავალუტო ფონდთან ურთიერთობით გაფუჭების ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო? აქ არის ორი რამ, პოლიტიკური, მათ შორის შიდა კლანური ბრძოლის გამაგრებისთვის საჭირო იდეოლოგიური მომზადება, მაგალითად, ეს წინ უძღოდა თავდაცვის მინისტრის დაჭერას და ასევე, რა თქმა უნდა, ეკონომიკური, სადაც ღარიბაშვილის კლანის ჩანაცვლება ხდება მეორე კლანით და ამავე დროს იმ ფულის ამოღება შავ ყულაბაში, რომელი პროცესიც ახლა მიდის და აგერ თვითმკვლელობების მცდელობებია, რიჟვაძის საკითხი ვიცით, მინისტრის მოადგილეები დაიჭირეს და უკვე მინისტრიც დაიჭირეს, ამ 12 წლის განმავლობაში, პირველი პრეცედენტია ეს. ეს 700 მილიონი ლარი გაფლანგვაა, თავადაც ამბობს კობახიძე და ღარიბაშვილის დაჭერის თემასაც ამზადებს, რა თქმა უნდა ივანიშვილის დავალებით",- ამბობს რომან გოცირიძე.
მიმდინარე წლის, 3 ივნისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2022 წელს დაანონსებული სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების პროცესის დაწყება ერთხელ დააანონსა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო საწარმოებში ოპტიმიზაციის შედეგად 700 მლნ ლარზე მეტი დაიზოგა.
bm.ge-მ სახელმწიფო საწარმოებში კადრების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით, ინფორმაცია ცალ-ცალკეც საწარმოებიდანაც გამოითხოვა და შემდეგ (2025 წლის 21 ივლისს) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდანაც, რომელმაც თავის მხრივ, ინფორმაციის გაცემა ეკონომიკის სამინისტროს დაავალა, თუმცა პასუხები, ჯერჯერობით, არ მიგვიღია. bm.ge-ის კითხვები ეხება "საქართველოს რკინიგზაში" განხორციელებული ოპტიმიზაციის შედეგებს, კერძოდ, სულ რამდენი მილიონი ლარია დაზოგილი წლიურად, ძირითადად ვის/რის ხარჯზე და რამდენი ადამიანი გაათავისუფლეს. ასევე, რა შედეგით დასრულდა ოპტიმიზაცია ენერგეტიკულ საწარმოებში. გარდა ამისა, Bm.ge-ის აინტერესებს, ამ ეტაპზე რომელ კომპანიებში მიმდინარეობს ოპტიმიზაციის პროცესი დაწყებული ან/და სად იგეგმება.




























