მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ორი საკითხი, რაშიც პოლიტოლოგი ევროკომისიის და ევროკავშირის ელჩის პოზიციებს არ ეთანხმება

კორნელი კაკაჩია

"საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ ევროკავშირის გაფართოების ანგარიშით, ფაქტობრივად, დადასტურდა, რომ საქართველო ჩამოშორდა გაფართოების კანდიდატი ქვეყნების რიგს.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა წერტილში“ ევროკომისიის ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ევროკომისიის წლიური გაფართოების ანგარიში ქვეყნის პოლიტიკურ ვითარებაზე კონკრეტულ სიგნალებს შეიცავს, მაგრამ ზოგიერთი დასკვნა სრულ რეალობას არ ასახავს.

კერძოდ, პოლიტოლოგმა გამოყო ორი საკითხი, რაშიც ევროკომისიის და ევროკავშირის ელჩის შეფასებებს არ ეთანხმება.

პირველი - კორნელი კაკაჩია არ ეთანხმება ევროკომისიის შეფასებას საქართველოს დემოკრატიული მდგომარეობისა და პოლიტიკური პროცესების ხარისხის თაობაზე.

ევროკომისია ცდილობს, ცოტა დიპლომატიური ენით და მოზომილად ისაუბროს, მაგრამ ის, რაც საქართველოში ხდება, აღარ არის უკვე დემოკრატიის უკუსვლა. დემოკრატიის უკუსვლაზე შეიძლება გვესაუბრა ორი-სამი წლის უკან. ახლა, რასაც ვხედავთ, ეს არის ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია, რაც საერთოდ სხვა ფაზაა. ევროკავშირი ყოველთვის აგვიანებს ხოლმე ერთი ნაბიჯით ამ შეფასებებთან დაკავშირებით... არ ვიცი, ორ-სამ წელიწადში, შეიძლება, ეს ტერმინი [ავტორიტარიზმი] გამოიყენონ, მაგრამ დღეს ეს არის ფაქტი. თუ დავაკვირდებით ევროკავშირის გაფართოების ისტორიას, ყოველთვის იყვნენ ქვეყნები, რომელთაც ჰქონდათ დემოკრატიის უკუსვლა, მაგალითად, სერბეთზე შეიძლება ვთქვათ, რომ უკუსვლა აქვს და ა.შ. მაგრამ ჩვენი შემთხვევა განსხვავებულია - “, - განაცხადა პოლიტოლოგმა.

კორნელი კაკაჩია წუხს იმის გამოც, რომ საქართველო ვერ იყენებს იმ ისტორიულ შესაძლებლობას, რაც გეოპოლიტიკური კონიუნქტურის გამო შეიქმნა და ევროკავშირში გაწევრიანება რეალური გახადა.

დემოკრატიის უკუსვლა ხომ გვქონდა და ახლა უკვე ქვეყანა მიდის საპირისპირო მიმართულებით. აკადემიური ლიტერატურისთვის საქართველო შეიძლება გახდეს ერთგვარი ქეის-სტადი - ევროკავშირის გაფართოების ისტორიას არ ახსოვს კანდიდატი ქვეყანა, სადაც ადგილი აქვს არათუ დემოკრატიის უკუსვლას, არამედ ავტორიტარიზმის კონსოლიდაციას“, - ამბობს ის.

მეორე საკითხი, რაშიც პოლიტოლოგის და ევროკავშირის ელჩის პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა, საქართველოს EU-ში გაწევრიანების პერსპექტივაა თუ მომავალი გაფართოების [2030 წელი] ნაწილი ვერ გავხდით.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დამფუძნებელ განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად, ეთანხმება ევროკავშირის ელჩის განცხადებების ტონს და პოზიციებს, ამჯერად, ამ საკითხზე პაველ ჰერჩინსკის ოპტიმიზმს ვერ იზიარებს.

„ძირითადად, ვიზიარებ ხოლმე ევროკავშირის ელჩის განცხადებებს, მაგრამ ამ ასპექტში არ ვეთანხმები. გასაგებია, რომ ის მაინც ცდილობს დიპლომატიური იყოს და რაღაც იმედი ჩაუსახოს საქართველოს მოსახლეობას, მაგრამ მე ასეთი ოპტიმისტი ვერ ვიქნები გამომდინარე იქიდან, თუ გადავხედავთ, საიდან დაიწყო ეს გაფართოება და რა მდგომარეობა იყო ხუთი წლის წინათ, როდესაც უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის სამოქალაქო საზოგადოებები ითხოვდნენ, კანდიდატის სტატუსი კი არა, უბრალოდ, პერსპექტივა მოენიჭებინათ... მაშინ [ევროკავშირში] ამბობდნენ, რომ იცით, საზოგადოებრივი აზრია წინააღმდეგი და ა.შ, უკრაინის ომმა შემოატრიალა ეს საზოგადოებრივი აზრი.

ამდენად, ჩვენ არ ვიცით, რა მოხდება, ამ [2030] გაფართოების შემდეგ; დიდი შანსია, რომ საერთოდ საზოგადოებრივი აზრი ისევ სკეპტიკურად მიუდგეს ამ საკითხს...

ასეთი შესაძლებლობების ფანჯარა სადღაც 10-15 წელიწადში ერთხელ ჩნდება ხოლმე. ჩვენ ეს შესაძლებლობა ერთხელ უკვე გავანიავეთ 1990-იან წლებში, როდესაც იყო შანსი, რომელიც ბალტიისპირეთის ქვეყნებმა გამოიყენეს. მეორე შანსი გვაქვს ახლა და არ ვიცით, მესამე როდის იქნება.

გარდა ამისა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელ ჯგუფში მოხვდები, ხომ?! ჩვენ გვქონდა უნიკალური შანსი, რომ უკრაინა და მოლდოვასთან გვქონდა ბმა - ერთად ვიყავით როგორც ასოცირებული ტრიო. შემდეგ ვის უნდა ველოდოთ?! - თურქეთს და სომხეთს?! არ ვიცი...“, - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.

მიუხედავად ევროკომისიის კრიტიკული შეფასებებისა, პოლიტოლოგი ხაზს უსვამს, რომ საქართველოში კვლავ არსებობს ინსტიტუციური და ადამიანური რესურსი რეფორმებისთვის თუ პოლიტიკური კურსი შეიცვალა და შესაბამისად, ჯერ კიდევ რეალურია, რომ საქართველო მოლდოვას და უკრაინას დაეწიოს და EU-ს მომავალი გაფართოების ტალღის ნაწილი გახდეს.

„საქართველოში ჯერ კიდევ გვყავს პოლიტიკური ელიტა და საჯარო მოხელეები, რომლებსაც აქვთ რეფორმების გამოცდილება. თუ პოლიტიკური ცვლილება მოხდება, ქვეყანას შეუძლია არა მხოლოდ დაეწიოს, არამედ გარკვეულწილად გაუსწროს კიდეც უკრაინას და მოლდოვას", აღნიშნა პოლიტოლოგმა.

წერტილთან“ ინტერვიუში კორნელი კაკაჩიამ ასევე ყურადღება გაამახვილა პროტესტისა და საზოგადოების აქტიურობის მნიშვნელობაზე.

წერტილი უნდა დავუსვათ პოლარიზაციას, დემოკრატიის უკუსვლას და ავტორიტარიზმს. ეს არის წინაპირობა ევროკავშირის ინტეგრაციისა და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“, - ასკვნის პოლიტოლოგი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები