მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ორი სამინისტრო, სადაც 2021 წელს ზეგანაკვეთური სამუშაოს არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა - კვლევა

62c72e7a9d093
თამთა ჯიჯავაძე
08.07.22 00:00
5447
2021 წელს რვა სამინისტროსა და სახელმწიფო მინისტრის აპარატს შორის ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების ყველაზე მეტი შემთხვევა ჯანდაცვის სამინისტროში დაფიქსირდა, სადაც იმ საჯარო მოსამსახურეების რაოდენობამ, რომლებმაც ზეგანაკვეთური სამუშაო შეასრულეს, 272 შეადგინა. ამის შესახებ აღნიშნულია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევაში, რომელიც საჯარო სამსახურში შრომით უფლებებს ეხება.

აღსანიშნავია, რომ კვლევა ცენტრალური მმართველობისა და ადგილობრივ თვითმმართველობის დონეზე განხორციელდა. ცენტრალურ დონეზე შერჩეული იყო სამინისტროები (გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და კულტურისა და სპორტის სამინისტროსი) და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე - თვითმმართველი ქალაქების (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი და ფოთი) მერიები.



როგორც კვლევაშია აღნიშნული, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ საჯარო მოსამსახურეების მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების გამო გაცემული სახელფასო დანამატის ოდენობამ 710 410 ლარი შეადგინა. მას მოჰყვება თავდაცვის სამინისტრო - 193 701 ლარით და საგარეო საქმეთა სამინისტრო - 35 260 ლარით.

„მოწოდებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა ტენდენცია, რომ საჯარო დაწესებულებების ნაწილში 2021 წლის 1-ელ ნახევარში ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო), ხოლო 2021 წლის მე-2 ნახევარში უკვე მითითებული იყო ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების სტატისტიკა. ასევე აღსანიშნავია, რომ 2021 წლის განმავლობაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.

სტატისტიკის არარსებობა შესაძლებელია აიხსნას ორი ფაქტორით: ა) საჯარო დაწესებულებაში საჯარო მოსამსახურეების მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება არ იყო საჭირო, ან ბ) საჯარო დაწესებულებები სამართლებრივად არ აფორმებენ საჯარო მოსამსახურეების მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებას (ზემდგომი პირის ბრძანების საფუძველზე), რაც შემდგომში საჯარო მოსამსახურეებისთვის სახელფასო დანამატის ან/და პროპორციული დასვენების დღის მიცემის საფუძველი უნდა იყოს.

მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სამიზნე საჯარო დაწესებულებებში საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების მიზნით გაცემული სახელფასო დანამატის ოდენობამ შეადგინა 1 421 721 ლარი (საჯარო მოხელე - 993 335 ლარი, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი - 428 386 ლარი)“, - წერია კვლევაში.

აღსანიშნავია, რომ კვლევა 2021 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს, რა დროის განმავლობაშიც სამიზნე საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული იყო 4136 (სამინისტროები-1934, თვითმმართველი ქალაქების მერიები-2202) საჯარო მოსამსახურე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები