მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ორი წელი პანკისის მოვლენებიდან - „ხადორი-3 ჰესის“ მშენებლობა ისევ შეჩერებულია

60b10fffddc10
თელარა გელანტია
28.05.21 19:29
1462
პანკისის ხეობაში დაგეგმილი 5.4 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის - „ხადორი 3“-ის მშენებლობის განახლების კონკრეტული ვადები კვლავ უცნობია. როგორც bm.ge-ისთან ინტერვიუში კომპანია „ფერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა იორდანიშვილმა განაცხადა, ადგილობრივ მოსახლეობასთან მუშაობა გრძელდება და იმედი აქვს, რომ ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოები „მალე განახლდება“. ამასთან, როგორც გავარკვიეთ, პანკისის მოვლენებიდან ორი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი ხეობაში არ ჩასულა და შესაბამისად, ადგილობრივებთან კომუნიკაციას და მხარდაჭრის მოპოვებას ინვესტორი ისევ მარტო ცდილობს.

შეგახსენებთ: 2019 წლის 21 აპრილს მოსახლეობის მიერ გამოთქმული პროტესტის შემდეგ, რაც სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა, „ხადორი 3“-ის მშენებლობა შეწყდა. მაშინ პანკისის ხეობაში მინისტრთა კაბინეტის წევრები, მათ შორის უკვე ექს შს მინისტრი გიორგი გახარია ჩავიდა, რომელმაც პანკისის ხეობის მოსახლეობასთან და უხუცესებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „ხადორი-3“-ის მშენებლობა მაშინ განახლდებოდა, როცა ადგილობრივების 90% პროექტს მხარს დაუჭერდა.



- ბატონო ლაშა, 2 წელი გავიდა პანკისის მოვლენების შემდეგ. რა ხდება დღეს - მოსახლეობის რამდენი პროცენტის მხარდაჭერა გაქვთ - 90%-ზე ახვედით?

- კარგი კითხვაა... მინდა აღვნიშნო, რომ ენერგეტიკაში ნომერ პირველი პრობლემა არის სიცრუის ტირაჟირება და ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით, რომ ადგილობრივებს ჰქონდეთ ყველა კითხვაზე პასუხი. ასევე, ვფიქრობთ, მექანიზმებზე, რათა მოსახლეობამ უფრო ხელშესახები სარგებელი მიიღოს. მართალია, ვიხდით გადასახადებს, რომელიც ადგილობრივ ბიუჯეტში შედის, მაგრამ ეს მაინც არაა მათთვის ხელშესახები. ამიტომ სახელმწიფოსთან ერთად, გვინდა, მოვიფიქროთ რაღაც მექანიზმი იმისთვის, რომ ადგილობრივებს კიდევ მეტი შეხვდეს იქიდან, საიდანაც კომპანიები, ინვესტორები სარგებელს ნახულობენ. ეს არის ჩვენი მოთხოვნა სახელმწიფოსთან.

- გქონიათ ამ თემაზე მინისტრებთან კომუნიკაცია?

- კი, რა თქმა უნდა, და მოწადინებულები არიან.

- შედეგი და საქმე ჩანს?

- საქმემდე ჯერ ვერ მივედით.

- „ხადორი-3“-ის თემას რომ დავუბრუნდეთ - ამ დროის განმავლობაში მოსახლეობასთან კომუნიკაციის ნაწილში მთავრობა დაგეხმარათ? - მხარდაჭერის 90%-მდე აყვანაზე პირობა ხომ მათგან მოდიოდა?

- მე არ მინდა ვისაუბრო იმ ადამიანზე, ვინც დღეს თანამდებობას არ იკავებს, მაგრამ ჩემი აზრით, ეს არ იყო სწორი განცხადება. რას ნიშნავს, რომ 90%-ის თანხმობა უნდა გჭირდებოდეს?! აბა, მაშინ სახელმწიფო რა საჭიროა?! ჩამიწერონ კანონმდებლობაში და თუ 90%-ის თანხმობა მჭირდება, არა უშავს, მივიღებ ამას მოცემულობად და მივაღწევ შედეგს ან მითხრან, რომ საჭიროა, რეფერენდუმის ჩატარება, მაგრამ მე ხომ მივედი სახელმწიფოსთან, ხომ გავიარე ყველა საჭირო ეტაპი - მივიღე დადებითი დასკვნა გარემოზე ზემოქმედების შეფასების დაოკუმენტზე, ავიღე სამშენებლო ნებართვა... გაუგებარია, რას ნიშნავს 90%? შეიძლება, იმ ვითარებაში ეს იყო დაძაბული სიტუაციის განმუხტვის მარტივი საშუალება, რომელმაც საბოლოო ჯამში, დარგს დაარტყა.

- ანუ 2 წლის წინ ჰესის მშენებლობა შეწყდა და დღესაც იგივე მოცემულობაა?

- სამწუხაროდ, მშენებლობის კუთხით იგივე სიტუაციაა, თუმცა მოსახლეობასთან ურთიერთობის კუთხით - არა. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია და ბევრი ხვდება ჰესის მშენებლობის დაპაუზების შედეგს და იმედია, მალე ყველაფერი დალაგდება.

- პანკისის ხეობის მოსახლეობასთან ურთიერთობა გაქვთ თქვენ, მაგრამ მე გეკითხებით - მთავრობა რაში დაგეხმარათ?

- ამ ეტაპზე არც ვთვლი, რომ შეიძლება, იქ მთავრობას რამე როლი ჰქონდეს.

- მაშინ რატომ არ იწყებთ სამშენებლო სამუშაოებს?

- მოსახლეობის 90%-ის მხარდაჭერა უნდა შევაგროვოთ...

- გიორგი გახარია ბრუნდება პოლიტიკაში და იქნებ ახლა დაგეხმაროთ... არ მიპასუხეთ - რამდენ პროცენტზე ხართ ახლა?

- არ ვიცი, არ დამითვლია. ერთიანად ავალთ 100%-ზე.

- და მაინც, დაახლოებით, როდისთვის ვარაუდობთ სამუშაოების განახლებას?

- ცოტა რთული კითხვაა. დიდი იმედი მაქვს, რომ მალე...

- მალე რამდენი ხანია?

- მიჭირს დაკონკრეტება, რადგან იქ ბევრი სენსიტიური თემაა. არის გარკვეული საკითხები, რომელზეც შეიძლება, დღეს არ მინდოდეს საუბარი.

- გასაგებია; რომ შევაჯამოთ, 2019 წლის მოვლენების შემდეგ მთავრობის წევრები პანკისის ხეობაში არ ჩასულან?

- „ხადორი-3“-ის თემაზე - არა. ასეთი ტიპის ვიზიტის ორგანიზება არ გაუკეთებიათ. ჩვენ ისევ კარდაკარ დავდივართ ხეობაში. თითოეულ მოსახლეს ვხვდებით და ვცდილობთ, სიტუაცია ისე დავალაგოთ, რომ მერე უკვე მთავრობისთვისაც მარტივი იყოს პოზიციების გაჟღერება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები