საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის დიმიტრი ცქიტიშვილის აზრით, მმართველი გუნდის ბოლოდროინდელი განცხადებები ევროკავშირთან "მტკივნეულ საკითხებზე", მათ შორის ე.წ. "გამჭვირვალობის კანონზე" დიალოგის მზაობის შესახებ, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის აღდგენას არ ემსახურება.
"სინამდვილეში, „ქართულ ოცნებას“ გაწევრიანების დღის წესრიგი აღარ აინტერესებს და მისი მიზანია, საქართველო დასავლეთთან მხოლოდ ეკონომიკურ, ტრანზაქციულ ურთიერთობებზე დაიტოვოს“, - განაცხადა მან BMGTV-ის გადაცემა „#წერტილთან“ ინტერვიუში.
საქმე ისაა, რომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ლუქსემბურგში, ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ თბილისი მზადაა კრიტიკულ საკითხებზე, მათ შორის „გამჭვირვალობის კანონზე“ სასაუბროდ: „ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ ფორმატში დიალოგის გასაახლებლად... ლუქსემბურგის მხარე საკმაოდ კონსტრუქციულად მოეკიდა ჩვენს პოზიციას და იმედი გვაქვს, რომ როდესაც იქნება წევრ ქვეყნებს შორის შეხვედრები, მხარს დაუჭერს საქართველოსთან დიალოგის განახლებას“, - თქვა "ოცნების" დეპუტატმა.
დიმიტრი ცქიტიშვილის შეფასებით, ე.წ. „რუსული კანონი“ ტექნიკურადაც კი იმდენად გაუმართავი აღმოჩნდა, რომ პრაქტიკულად ვერ იმუშავა და ხელისუფლებას სხვა საკანონმდებლო აქტების მიღება და მთელი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მოშლა მოუწია. შესაბამისად, ყოფილი დეპუტატის თქმით, ნიკოლოზ სამხარაძის გზავნილები რეალურად მხოლოდ ვაჭრობის მცდელობაა.
„ოცნება“ არაფრისთვის არ არის მზად. ეს არის ეგრეთ წოდებული გაცვლის მონეტა - bargaining chip“, - აცხადებს პოლიტიკოსი და დასძენს, რომ ხელისუფლებამ ზუსტად იცის, როგორ დააბრუნოს საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე, რადგან ეს რეფორმები „ქართულ ოცნებას“ ერთხელ უკვე გატარებული აქვს 2012-2016 წლებში, თუმცა დღეს, ამის პოლიტიკური ნება არ არსებობს.
„ევროპულ დღის წესრიგში დასაბრუნებლად საჭიროა, არა - ერთი კანონის კოსმეტიკური გადახედვა, არამედ ფუნდამენტური ცვლილებები: პოლიტპატიმრების არარსებობა, ინსტიტუციური დემოკრატიის გაძლიერება, დამოუკიდებელი ინსტიტუტების, გამოხატვის, შეკრებისა და ანტიდისკრიმინაციული უფლებების აღდგენა“, - აღნიშნავს ცქიტიშვილი.
ყოფილი დეპუტატი მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი საზოგადოებასთან ორმაგ თამაშს თამაშობს - შიდა აუდიტორიაში პროევროპულ რიტორიკას ინარჩუნებს, თუმცა პარალელურად ეწევა ანტიდასავლურ პროპაგანდას, რომლის ფლაგმანიც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილია: „ამავდროულად, საკუთარი ამომრჩეველი უნდა მიაჩვიონ, რომ რაღაც ისეთი ცუდი ხდება ევროკავშირში, რომ როცა დადგება საკითხი და იტყვიან, რომ აღარ გვინდა, მათთვის ეს იყოს უკვე შეჩვეული ფრაზა. 1-2 თვეა ამას გვაგუებენ. შალვა პაპუაშვილია ამ მიმართულებით ფლაგმანი“.
რაც შეეხება საგარეო იმიჯს, პოლიტიკოსის აზრით, ხელისუფლება ევროპელ პარტნიორებთან გაწევრიანებაზე საერთოდ აღარ საუბრობს და ევროინტეგრაციის თემას პრემიერ-მინისტრი მხოლოდ აზიისა და არაბული ქვეყნების ეკონომიკურ ფორუმებზე იყენებს, რათა უცხოელ ინვესტორებს შეუქმნას ილუზია, რომ საქართველო ევროპასთან დაახლოებული სივრცეა და არა - „ეკონომიკური ნაცრისფერი ზონა“.
დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ სურს არა - სტრატეგიული ინტეგრაცია და დემოკრატიული ღირებულებების გაზიარება, არამედ წმინდა წყლის ბიზნეს-ურთიერთობები, რათა ქვეყანა სანქცირებული რუსული თუ სხვა გაურკვეველი წარმომავლობის კაპიტალის თავშესაფრად აქციოს.
„მათ არ უნდათ ინტეგრაცია, მაგრამ უნდათ ტრანზაქციული ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან იმისთვის, რომ არაბულმა ქვეყნებმა, სხვადასხვა ინვესტორებმა, თუნდაც რუსმა ბიზნესმენებმა დასანქცირებულებმა გარკვეულად საქართველოში ჩადონ ფული და არ წავიდნენ, მაგალითად, სერბეთში“, - ამბობს ის.
ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ხელისუფლება ხშირად აპელირებს საქართველოს გეოგრაფიულ უპირატესობაზე, შუა დერეფნის პროექტსა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელზე, დიმიტრი ცქიტიშვილმა უპასუხა, რომ „ოცნება“ მწარედ ცდება, როდესაც თავი შეუცვლელი ჰგონია.
მისი თქმით, ევროკავშირისთვის გაფართოების დემოკრატიული პოლიტიკა გაცილებით უფრო ისტორიული და ფუნდამენტური სტრატეგიული ამოცანაა, ვიდრე მიმდინარე ენერგეტიკული გამოწვევები.
გარდა ამისა, პოლიტიკოსის შეფასებით, გლობალურ პროექტებში გადამწყვეტია პროგნოზირებადობა და სანდოობა, რასაც დღევანდელი საქართველო კარგავს. შესაბამისად, ქვეყნის გეოგრაფიული ფუნქცია მარტივად ჩანაცვლებადია თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ.
„საქართველოს მონაწილეობით ეს პროცესები ბევრად უფრო საინტერესო ხდება, თუმცა საქართველოს გარეშეც შეიძლება განხორციელდეს... საქართველო ჩანაცვლებადია. ერთადერთი, რასაც საქართველო ამ შემთხვევაში აკეთებს, დესტრუქციულ როლს თამაშობს“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ თუ ქვეყანა იზოლირებული დარჩება რეგიონალური პროექტებიდან, ის საერთო მიმზიდველობას დაკარგავს.
დიმიტრი ცქიტიშვილის დასკვნით, მმართველი გუნდი საკუთარ ძალებსა და გეოპოლიტიკურ უპირატესობებს არასწორად აფასებს, რაც ქვეყანას გარდაუვალ იზოლაციაში აქცევს: „საბოლოო ჯამში, ჩიხში შევლენ და მოუწევთ ან იზოლაციაში გადასვლა, ან დათმობებზე წასვლა, ან კიდევ ხელისუფლების დათმობა“.




























