მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ორთაჭალჰესის ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა - ბიუჯეტი ₾1.8 მილიონია

ორთაჭალაჰესის ხიდი

მდინარე მტკვარზე, ორთაჭალჰესის ხიდის სრული რეაბილიტაცია, რომელიც 15 ივლისს დაიწყო, დასრულდა.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პროექტის ფარგლებში აღდგა და განახლდა ხიდის კონსტრუქციული ნაწილი და დაზიანებული ელემენტები.

"დედაქალაქში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. მდინარე მტკვარზე მდებარე ორთაჭალჰესის ხიდის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. რეაბილიტაციის ფარგლებში, ხიდზე მასშტაბური სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩატარდა. პირველ ეტაპზე, საინჟინრო-საკვლევი სამუშაოები განხორციელდა, რის საფუძველზეც დაიგეგმა სარეაბილიტაციო პროცესი.

პროექტის ფარგლებში აღდგა და განახლდა ხიდის კონსტრუქციული ნაწილი და დაზიანებული ელემენტები. ასევე, სანიაღვრე სისტემა შეიცვალა და დაემატა ცხაურები, ჩატარდა ჰიდროიზოლაციის სამუშაოები. გარდა ამისა, საჰაერო ელექტროსადენები მიწისქვეშა კაბელარხებში განთავსდა. გზის სავალი ნაწილი სრულად განახლდა - დაიგო ასფალტის საფარი და დაიხაზა. ხიდზე არსებული ტროტუარები სრულად რეაბილიტირდა და გარე განათების თანამედროვე, ენერგოეფექტური LED ლამპიონები მოეწყო", - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, რეაბილიტაციის შემდეგ, ორთაჭალჰესის ხიდზე
გადაადგილება სრულიად უსაფრთხოა, საავტომობილო მოძრაობა კი ორმხრივად აღდგა.

სამშენებლო სამუშაოები თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ჩაატარა და ის თბილისის ბიუჯეტს ₾1.8 მილიონი დაუჯდა.

ორთაჭალჰესი მდინარე მტკვარზე 1950-იან წლებში აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა 1954 წელს. ჰესი მუშაობს რეგულირების გარეშე ბუნებრივ მოდინებაზე. ჰესის საპროექტო დადგმული სიმძლავრეა 18.0 მგვტ, ხოლო ელექტროენერგიის საპროექტო გამომუშავება 90.0 მლნ კვტ.სთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები