ოთარ ფარცხალაძე რომ ოლიგარქი არ არის და გავლენა არ აქვს საზოგადოებაზე, ეს დასამალი არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა კახეთში დეპუტატების კითხვის საპსუხოდ განაცხადა.
„ოთარ ფარცხალაძე 10 წელზე მეტია აღარ არის საჯარო მოხელე. 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დატოვა საჯარო სამსახური. გაუგებარია და მინდა გაკვირვება გამოვხატო, რატომ მოხდა ფარცხალაძის დასანქცირება, აუხსნელია პირადად ჩემთვის. ნათქვამია - ჭიქაში ქარიშხალია ატეხილიო. ეს არის ძალიან მგრძნობიარე საკითხი. ყველა ის ადამიანი, რომელიც ქვეყნის ინტერესების საზიანოდ და სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებს, არის ჩემს თვალში მოღალატე, გამყიდველი, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნის აგენტი იქნება. ჩემთვის და სახელმწიფოსთვის არ არის ცნობილი არცერთი ფაქტი, რომ ფარცხალაძემ ჩვენი ქვეყნის საზიანოდ და სხვა ქვეყნის სასარგებლოდ რაიმე ქმედება ჩაიდინა. ფარცხალაძე არის ბიზნესმენი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, მისთვის სასაცილოა ნამდვილი ჯაშუშების, ქვეყნის გამყიდველების კომენტარები.
„მოსამართლეები რომ დაასანქცირეს, ვინმემ ნახა რამე მტკიცებულება? მე ფარცხალაძის ადვოკატი არ ვარ და არც სჭირდება, პროკურორი იყო 10 წლის წინ. მე ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას. როგორც მოქალაქეზე, გუნდის ყოფილ წევრზე ჩემს პოზიციას ვაფიქსირებ - აუცილებელია, რომ ბრმად არ მივიღოთ გადაწყვეტილება. მთავარი ჩემი წუხილი და გაკვირვებაა, რომ არასოდეს მოუმართავს ფარცხალაძის შესახებ არცერთ სამსახურს. ჩვენ ვიცოდით, რომ მას ბიზნეს საქმიანობა ჰქონდა, მაგრამ ფარცხალაძე რომ ოლიგარქი არ არის და გავლენა არ აქვს საზოგადოებაზე, ეს დასამალი არ არის. რანაირი ოლიგარქია ფარცხალაძე? კაცი 10 წელია წასულია მთავრობიდან, აკეთებს ბიზნესს, მისი არჩევანია, რომ აიღო პასპორტი“, - განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ ნებისმიერ მოქალაქეს დაიცავს სახელმწიფო, თუკი მას დაასანქცირებენ.
შეგახსენებთ: 20 სექტემბერს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნა საქართველოს პრეზიდენტს გადაუგზავნა. სალომე ზურაბიშვილისგან ყოფილი პროკურორისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასტურის შემთხვევაში ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქეობას დაკარგავდა და მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე იქნებოდა.
სალომე ზურაბიშვილის წინასწარი განცხადებების მიხედვით, ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდებოდა. 19 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც იუსტიციის სამინისტროს მიმართავდა და ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით დასკვნის გადაგზავნა სთხოვა.
მიმართვის მიუხედავად, პრეზიდენტმა ფარცხალაძეს მოქალაქეობა არ შეუწყვიტა და ეს ასე განმარტა: "სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე".
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა - მისი სახელი აშშ-ის ხაზინის SDN სიაში, ანუ სანქცირებულ პირთა სიაში მოხვდა. ფარცხალაძე საქართველოს და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქეა. სანქცია უკრაინის ომის გამო, რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული სანქციების პაკეტის შემადგენელია.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ფარცხალაძე ნახსენებია როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი, რომელიც რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს.