მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოთარ ფარცხალაძეს ქართულმა ბანკებმა ყველა ანგარიში გაუყინეს, შეჩერებულია გადარიცხვები - სებ

ყოფილი პროკურორი

საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ BMG-ისთვის მოწოდებული განმარტების თანახმად, აღნიშნულს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმი ითვალისწინებს.

ოთარ ფარცხალაძეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეკონომიკური სანქციები 2023 წლის 14 სექტემბერს დაუწესა, ამავე სანქციების სიაში მოხვდა FSB-ში ფარცხალაძის კურატორი ალექსანდრ ონიშენკო და ფარცხალაძესთან დაკავშირებული ორი კომპანია, რომლებიც რუსეთში არიან რეგისტრირებული. სახელმწიფო დეპარტამენტი ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს.

- გვაინტერესებს შეაჩერებენ თუ არა ქართული ბანკები ოთარ ფარცხალაძის ანგარიშების, გადარიცხვების და ტრანზაქციების მომსახურებას ისევე როგორც ეს სხვა სანქცირებული პირებისთვის ხდება.

“როგორც ცნობილია, 2022 წლის 26 თებერვლიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად. სანქციათა მოთხოვნების შესრულების და შესაბამისი კონტროლის მექანიზმების დანერგვისას ერთიანი მიდგომების განსაზღვრის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს №208/04 ბრძანებით დამტკიცდა „საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი“.

ზემოაღნიშნული მითითებისა და წესის შესაბამისად, საქართველოს ფინანსურ სექტორს დაევალა მათ შორის, გაითვალისწინოს აშშ-ს ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის მიერ (OFAC) სანქცია დაკისრებულ პირთა სიაში (SDN list) შეყვანილი პირების მიმართ დადგენილი მოთხოვნების აღსრულება, რაც გულისხმობს სანქცირებული პირების მიერ აქტივებზე წვდომისა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულების შეზღუდვას. სანქცირებულ პირს ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა.

შეგახსენებთ, რომ ქართული საფინანსო სექტორი მოქმედებს სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით. ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობის მიზნით, ეროვნულ ბანკში შექმნილია სპეციალური განყოფილება, რომელიც ზედამხედველობას / მონიტორინგს უწევს აღნიშნულ პროცესს. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები დადებითად აფასებენ ეროვნული ბანკის ნაბიჯებს ამ მიმართულებით,”- ნათქვამია ეროვნული ბანკის წერილობით განმარტებაში. 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა  საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა - მისი სახელი დღეს აშშ-ის ხაზინის SDN სიაში, ანუ სანქცირებულ პირთა სიაში მოხვდა. ფარცხალაძე საქართველოს და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქეა. სანქცია უკრაინის ომის გამო, რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული სანქციების პაკეტის შემადგენელია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით კი ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით საკითხის შესწავლა მიმდინარეობს.