მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოთხი პრიორიტეტი მაქვს - არჩილ იაკობაშვილი სებ-ის საბჭოს წევრობაზე

არჩილ იაკობაშვილი

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატმა არჩილ იაკობაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ მოსმენაზე კითხვაზე თუ რა იქნება მის პრიორიტეტი ეროვნულ ბანკში, ოთხი პრიორიტეტი დაასახელა.

არჩილ იაკობაშვილი ეროვნულ ბანკში საერთაშორისო სავალუტო რეზერვების პორტფელის მენეჯერის პოსტს 2007 წლიდან იკავებს. მისი განცხადებით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის განცხადებით პრეზიდენტს სწორედ იმიტომ მიმართა, რათა საკუთარი გამოცდილებით სებ-ის საბჭო გააძლიეროს. მის პრიორიტეტთა შორის იაკობაშვილი ევროინტეგრაციის ხელშეწყობას, ციფრული ლარის განვითარებას, ლარიზაციის ხელშეწყობას და სებ-ის საბჭოს მმართველობით გაძლიერებას ასახელებს.

"ეს გადაწყვეტილება მიმაღებინა იმ ბეგრაუნდმა, რომელიც მაქვს საფინანსო სფეროში მუშაობის მხრივ, რაც 24 წელს ითვლის, აქედან ეროვნულ ბანკში 17 წელი. ასევე სამეცნიერო პედაგოგიური კუთხით 25-წლიანი გამოცდილება, ასევე საერთაშორისო პროექტებში მუშაობის 25-წლიანი გამოცდილებამ. ჩემ სამოტივაციო წერილშიც ავღნიშნე თუ რაზე უნდა გაამახვილოს ეროვნულმა ბანკმა ყურადღება. მინდა რომ მიმოვიხილო ეს საკითხები - პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნულმა ბანკმა უნდა ითამაშოს როლი ევროინტეგრაციის პროცესში, ამაზე მუშაობა აწყებულია, მაგალითად SEPA-ში ჩართვა, ასევე ის რომ ევროპული ფინანსური ინსტიტუტების გააქტიურება საქართველოში მხოლოდ EIB-ით და EBRD-ით არ შემოიფარგლოს, უფრო კომერციული ბანკები, ევროინტეგრაცია ასევე ნიშნავს, რომ საბანკო სისტემა უფრო ევროპული გახდეს. მაგალითად გვესმის, რომ საპენსიო სესხები უნდა გაიაფდეს, ამისთვის ბაზარი უნდა იყოს უფრო კონკურენტული. საბანკო სფერო წარმოდგენილია ორი დიდი მოთამაშით და დანარჩენი არის მცირე ბანკები…

მეორე პრიორიტეტია ციფრული ლარის ხელშეწყობა. ციფრულ ვალუტას აქვს მომავალი ყველა ქვეყანაში და საქართველოც უნდა ჩაერთოს ამ საქმეში ზუსტად პირდაპირი შეხება არ მაქვს ეროვნულ ბანკში ამ თემაზე, თუმცა რასაც ვეცნობი საკმაოდ წინა არის წასული და კიდევ უფრო უნდა წავიდეს წინ.

მესამე - ლარიზაციის პოლიტიკა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, ამასთანავე, ლარიზაციაზე ორიენტირებული მონეტარული პოლიტიკა არის მნიშვნელოვნად დაკავშირებული ევროინტეგრაციასთანაც. იმ ქვეყნებმა, რომლებიც ჯერ ევროკავშირის, შემდეგ კი ევროზონის წევრი ქვეყნები გახდნენ, მათ ჯერ თავიანთი სავალუტო სისტემა განავითარეს. საქართველოც უნდა იყოს ამაზე ორიენტირებული.

მეოთხე პრიორიტეტი არის ის, რომ მიმაჩნია ეროვნული ბანკის საბჭო უნდა გახდეს მმართველი საბჭო და არა უბრალოდ ზედამხედველი საბჭო. წევრებს უნდა ჰქონდეთ ფუნქციები, წევრებს ზოგს შეიძლება ჰქონდეს მმართველი ფუნქცია, ზოგს საზედამხედველო ფუნქცია...ცენტრალური ბანკის მმართველი საბჭო პასუხისმგებელი უნდა იყოს იმაზე, რომ ის უნდა იმართებოდეს ისე როგორც მონეტარული ხელისუფლება და არა როგგორც ერთი რიგითი სამინისტრო,"- განაცხადა არჩილ იაკობაშვილმა.

ეროვნულ ბანკში ხანგრძლივი თანამშრომლობის გამო, სებ-ის საბჭოს კანდიდატების შესარჩევი კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, სებ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა მამუკა არჩილ იაკობაშვილის მოსმენისას საკუთარ თავს აცილება მისცა.

სებ-ის საბჭოს წევრთა შესარჩევ კომისიაში შედიან: თამარ სულუხია - თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ISET-ის და ISET კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, (კომისიის თავმჯდომარე), არჩილ მესტვირიშვილი - სების საბჭოს ყოფილი წევრი, ნიკოლოზ ყაველაშვილი - ილიაუნის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის დეკანი, გიორგი ისაკაძე - მედიაკომპანია BMG-ის გენერალური პროდიუსერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები