2007-2024 წლებში საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვების პორტფელის მენეჯერი, ეკონომიკის პროფესორი არჩილ იაკობაშვილი, 2025 წლის განმავლობაში, ეროვნულ ბანკს რეფინანსირების განაკვეთის 8%-ზე შენარჩუნებას უწონებს.
BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში არჩილ იაკობაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ეროვნულმა ბანკმა გამოიჩინა პროფესიული სიმტკიცე, როდესაც საერთაშორისო ტენდენციების საპირისპიროდ, რეფინანსირების განაკვეთი არ შეამცირა.
„სებ-ის ნაბიჯები აბსოლუტურად ადეკვატური იყო; თან განცხადებებშიც ყოველთვის უთითებდნენ, რომ თუ საჭირო იქნებოდა, კიდევ გაზრდიდნენ განაკვეთს და ამას აცხადებდა სებ-ი იმ დროს, როდესაც საერთაშორისო ბაზრებზე ყველამ წამყვანმა ცენტრალურმა ბანკმა შეამცირა განაკვეთი. დიდი გამბედაობა სჭირდება, როცა მცირე ზომის ეკონომიკის ცენტრალური ბანკი ამ შემთხვევაში სწორ სიჯიუტეს იჩენს“, - აღნიშნა მან.
„წერტილთან“ ინტერვიუში არჩილ იაკობაშვილმა ვრცლად ისაუბრა სასურსათო ინფლაციის შემცირების მიზნით „ქართული ოცნების“ მთავრობის კამპანიაზე. მართალია, მთავრობის მთავარი არგუმენტი 90%-იანი ფასნამატია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი სადისტრიბუციო და საცალო ქსელებს აბრალებს, მაგრამ ეკონომიკის პროფესორის აზრით, სურსათის სიძვირის მთავარი მიზეზებია რუსეთზე დამოკიდებულება და სტრუქტურული ხარჯები. გარდა ამისა, ეკონომისტს კითხვები აქვს ინფლაციის დათვლის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებითაც. არჩილ იაკობაშვილს მიაჩნია, რომ საქსტატის მონაცემები რეალობას არ ასახავს.




























