მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ოცნება" [არჩევნებში მონაწილეობის უფლებას] ართმევს ემიგრანტებს, რომლებმაც შარშან ₾10 მლრდ გადმორიცხეს - გიორგი შარაშიძე

გიორგი შარაშიძე

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, დეპუტატ გიორგი შარაშიძის შეფასებით, „ქართული ოცნება“ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებას ართმევს მოქალაქეების იმ სეგმენტს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს წილს ქმნის.

„ეს არის, ფაქტობრივად, დემოკრატიული მართვის ფორმის გაუქმება“ - ასე ეხმაურება გიორგი შარაშიძე მმართველი პარტიის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის თანახმად, ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ეკრძალებათ.

„ემიგრანტების გზავნილების მოცულობა 2024 წელს თითქმის 10 მილიარდი ლარი იყო. ეს თანხა, მოცულობით სახელმწიფო ბიუჯეტის 40% ის და ქვეყნის მთლიანი, ნაერთი ბიუჯეტის თითქმის 30%-ის ტოლია“, - განაცხადა BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში პოლიტიკოსმა და არაკონსტიტუციურად და ანტისახელმწიფოებრივად შეაფასა ემიგრანტებისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნა.

გიორგი შარაშიძის შეფასებით, ამ ინიციატივით „ოცნება“ ცდილობს საქართველოს იზოლირებას უკვე არამხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობისგან, არამედ ცდილობს საქართველოს იზოლირებას საკუთარი მოქალაქეებისგანაც.

„დღეს „ოცნებამ“ აღიარა, რომ ემიგრანტები მისთვის პრობლემას წარმოადგენს, რადგან „ოცნების“ პროპაგანდა მათზე ვერ ვრცელდება და არანაირი ბერკეტი ამ ადამიანებზე ზემოქმედების არ არსებობს – არც დაშინება, არც მოსყიდვა და არც პროპაგანდა, შესაბამისად ერთადერთი გზა რჩებათ, ამ ადამიანებს შეუქმნან ბარიერები არჩევნებში მონაწილეობისთვის.

„ოცნება“ აღიარებს, რომ სურს, ხმის უფლება შეუზღუდოს ყველას, ვინც მისი პროპაგანდის ქვეშ არ არის და ეს დაუმალავად გაამხილა“, - აცხადებს გიორგი შარაშიძე.

მისივე თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წინააღმდეგობას გაუწევს „ოცნების“ ამ ანტიკონსტიტუციურ ინიციატივას, რათა ის დაკანონდეს, თუმცა როგორც ცნობილია, ყოფილი პრემიერის პარტიას პარლამენტში საკმარისი მანდატები არ აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები