მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ოცნება" ხვდება, რომ რაღაც მომენტში შესაძლოა, IMF-ის პროგრამა მაშველი რგოლი იყოს - ხიშტოვანი

გიორგი ხიშტოვანი

ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი ფიქრობს, რომ "ქართული ოცნებაში" ხვდებიან, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა დასჭირდებათ და ამიტომ დაიწყეს სახელმწიფო საწარმოების რეფორმის აუცილებლობაზე საუბარი.

კერძოდ, ხიშტოვანი ამბობს, რომ მომავალში ბიუჯეტს შესაძლოა გაუჭირდეს წაგებიანი სახელმწიფო კომპანიების დაფინანსება, ამ შემთხვევაში კი IMF-ის პროგრამა მაშველი რგოლი იქნება.

"ვფიქრობ, "ქართული ოცნების" ქცევა ძალიან რაციონალურია. ისინი ხვდებიან, რომ იმ დროს, როცა მაღალი ალბათობით საბიუჯეტო გეგმა გადასახადების ნაწილში ვერ შესრულდება, წაგებიანი სახელმწიფო საწარმოების დაფინანსებისთვის ბიუჯეტს წელს და ახლო მომავალში, ფული არ ექნება. ამიტომ ახლა გამოჩნდა, რომ IMF-ის რჩევა სწორი იყო.

რა თქმა უნდა, იგივე ეკონომიკური შენელების პარალელურად, "ქართული ოცნება" ხვდება, მათ შორის ეროვნული ბანკი, რომ რაღაც მომენტში შესაძლოა, IMF-ის პროგრამის არსებობა იყოს მაშველი რგოლი, თუ ქვეყანაში რეალური ეკონომიკური კრიზისი დაიწყო. შესაბამისად, ამ პროგრამის არსებობისთვის ეს დათმობებია გასაკეთებელი.

რა თქმა უნდა, აქაც IMF-ი ცდილობს, რაღაც მხრივ დაიყოლიოს საქართველოს მთავრობა ფორმალურად მაინც დათმობებზე. მეორე მხრივ, "ქართული ოცნება" ხვდება, რომ პროგრამა IMF-თან საჭიროა, წაგებიანი კომპანიების დაფინანსება ასე უსასრულოდ ვერ გაგრძელდება და რაღაცნაირად ისეთი წონასწორობა შედგა, როცა ყველას ინტერესი შეიძლება იქნეს გათვალისწინებული.

უბრალოდ ამის, როგორც რეფორმის დაანონსება, ღიმილის მომგვრელია. მინიმუმ ხუთი წელია ამაზე ვსაუბრობთ, მინიმუმ ხუთი წელია პრეზენტაციები კეთდება და სამოქმედო გეგმები ქვეყნდება და ახლა დაანონსება ამის როგორც რეფორმის, ჩემთვის ნამდვილად ღიმილის მომგვრელია.

ჩემი აზრით, აქაც თვალთმაქცობს "ქართული ოცნება" და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, რადგანაც, როდესაც საუბარი იყო IMF-ის მხრიდან სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზე, იგულისხმებოდა მმართველობის სისტემის შეცვლა, ანუ კომპანიების ეფექტიანი მართვის მოდელების შემოღება. ახლა საუბარი მიდის რაღაც შტატების შემცირებაზე და მცირე დანაზოგების გაკეთებაზე იმ გაბერილ შტატებზე, რომელიც ვიცოდით, რომ უკვე მინიმუმ 20 წელია გაბერილია", - ამბობს ხიშტოვანი.

3 ივნისს, "ქართული ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობა იწყებს სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმირების პროცესს ხარჯთეფექტიანობის უზრუნველსაყოფად. მისი თქმით, ამ საწარმოების სრულფასოვანი რეფორმა მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის ერთ-ერთი მოთხოვნაა.

„ძლივს ისეთ რაღაცას გვთხოვენ უცხოელები, რაც სახელმწიფოს ინტერესებს შეესატყვისება და ვფიქრობ, არ იქნება ჩვენი მხრიდან სწორი, არ შევასრულოთ შესაბამისი რეკომენდაციები“, - განაცხადა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები