მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ოცნებაში" ერთმანეთთან ანგარიშსწორების პროცესი გაგრძელდება... ღარიბაშვილთანაც მივლენ" - ინტერვიუ

თინა ხიდაშელი

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე თინა ხიდაშელი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც დაიჭირონ. ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა #წერტილში განაცხადა, სადაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის დაჭრის ფაქტსა და სავარაუდო მოტივებზე ისაუბრა. „ქვეყანას ჩვეულებრივი განგსტერები მართავენ, რომელთაც იმის გონიერება და ინტელექტიც არ ჰყოფნით, რომ დამაჯერებელი ზღაპრები მაინც შეთხზან“, - ამბობს თინა ხიდაშელი. მისივე შეფასებით, თვითმკვლელობის მცდელობის ვერსია მართალიც რომ იყოს, ეს „ქართული ოცნებისთვის“ არაფერს ამსუბუქებს. „ეს მთელი პროცესი არის გზავნილი „ქართულ ოცნებაში“ ყველა სხვა დანარჩენისთვის, რომ არაფერზე უკან არ დაიხევენ და თუ გაჯიუტდებიან და გაჯინიანდებიან, იგივე დაემართებათ“, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

- თორნიკე რიჟვაძის დაჭრა და ამ ფაქტის გამო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თავმჯდომარის დაპატიმრება და 30 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლება; ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებისთვის და 70 000-ლარიანი გირაოს დაკისრება... ასეთია მხოლოდ ბოლო სამი დღის ქრონიკა - რა ხდება საქართველოში?

- ყველაფერი ხელის გულზე დევს - „ქართული ოცნების“ შიგნით ბოლო წერტილამდეა მისული დაპირისპირება. ქვეყანას ჩვეულებრივი განგსტერები მართავენ, რომელთაც იმის გონიერება და ინტელექტიც არ ჰყოფნით, რომ ზღაპრები ისე მაინც შეთხზან, ვინმეს სჯეროდეს, თუმცა როგორც ჩანს, არიან ადამიანები, რომელთაც ყველანაირი ზღაპრების სჯერათ... მათ შორის იმისიც, რომ თითქოს თორნიკე რიჟვაძე სხვის სახლში მივიდა, თან ზუსტად იცოდა, რომ [მასპინძელს] დაუდევრად ედებოდა იარაღი, რომლითაც თავს მოიკლავდა და ამიტომ წინასწარ დაწერა წერილი, რომელიც ჯიბეში ჩაიდო და [თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ] შემთხვევით მედდამ ნახა, თან აღსანიშნავია, რომ წერილი პროპაგანდისტულ მედიებს ჩაუვარდათ ხელში. აღსანიშნავია ისიც, რომ თურმე წერილის სხვადასხვა ვერსია ჩაუვარდათ - პირველ ვერსიაში ცოლი გამორჩათ, მერე მიხვდნენ, რომ არ უნდა გამორჩენოდათ და გააჩინეს ცოლი, როგორც დამშვიდობების ერთ-ერთი ობიექტი... გავიგე, რომ ამ ზღაპრებისაც სჯერათ ადამიანებს, მაგრამ ვფიქრობ, სახეზე გვაქვს, მორიგი ანგარიშსწორება, რომელიც არც პირველია და არც ბოლო იქნება. როგორც ჩანს, ჯერ პრობლემის მხოლოდ აისბერგის წვერს ვუყურებთ. [„ოცნებაში“] ერთმანეთთან ანგარიშსწორება და ურთიერთობების დალაგების პროცესი გაგრძელდება და ამისთვის ადამიანებიც ჰყავთ იდენტიფიცირებული. ოთარ ფარცხალაძე აქ არ ჰყავთ და როგორც ჩანს, სხვებით ჩაანაცვლეს...

- რატომ დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა ეს ყველაფერი - ხომ გასაგებია, რომ მის გარეშე ეს პროცესები ვერ დაიწყებოდა...

- მართალია, ისინი არ აღიარებენ, მაგრამ როდესაც ქვეყანაში ასეთი უმწვავესი კრიზისია და ყველა მხრიდან შეტევის ქვეშ არიან ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ხელისუფლების „მკვებავი ბიზნესი“; როდესაც ყველამ კარგად იცის, რომ ძალიან ცოტა დრო აშორებს იმ მომენტს, როდესაც უმწვავესი სანქციების მორიგი პაკეტი იქნება და ამ სანქციებში არ იქნებიან მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ მათ შორის მოხვდებიან ბიზნესმენები და პროპაგანდისტები, ეს წრე უნდა დავიწროვდეს. რატომ? - ვიღაცას ნერვები უმტყუნებს, ამიტომ, რაც თავად უნდა დაიწყონ მოქმედება და თავად უნდა გათავისუფლდნენ იმათგან, ვისზეც ეჭვი აქვს იგივე ირაკლი კობახიძეს, რომ შეიძლება ნერვებმა უმტყუნოს სხვადასხვა სუბიექტური ფაქტორის გამო, თუმცა არა იმიტომ, რომ ვიღაცა უფრო კარგი კაცია, არამედ არსებობს სუბიექტური ფაქტორები, რომელმაც შეიძლება ეს განსაზღვროს და როგორც ჩანს, ირაკლი ღარიბაშვილი არის დანიშნული ამ ცუდ კაცად - მის გარშემო სულ უფრო და უფრო ვიწროვდება წრე... უცხოელებისგან მათაც [„ოცნებასაც“] გაგებული ექნებათ, რომ „რაზე ვჩიოდით ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს“. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაშინ საქმე კარგად იყო, მაგრამ როცა შედარებას აკეთებენ, ასეთი სენტიმენტი გაჩნდა - განსაკუთრებით საელჩოებში, რომ - „ხომ არ გახსოვთ რაზე ვწუწუნებდით მაშინ“. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ რაც ბოლო დღეებში ვნახეთ, დასაწყისია და გაცილებით უფრო ცუდი ამბებია წინ “ქართული ოცნების” თავს - „ქართული ოცნების“ ყოფილ და მოქმედებს წევრებს შორის. ერთადერთი, რაც ჩემთვის ცოტა ბუნდოვანია არის ის, რომ ეს ადამიანები, რომელსაც სულ უფრო და უფრო უახლოვდება დასაჭერთა წრე, ძალიან ახლოს მიდის თავად ბიძინა ივანიშვილის უახლოეს გარემოცვასთან. მისთვის ადვილი იქნება ირაკლი ღარიბაშვილთან გამომშვიდობება, მაგრამ...

- მივლენ ირაკლი ღარიბაშვილთანაც?

- ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ.. მაგრამ თუ საქმე გრიგოლ ლილუაშვილთან მივიდა, აქ უკვე ცოტათი მიჭირს ამის დაჯერება. ვნახოთ, სადამდე წავა...

- ირაკლი ღარიბაშვილთან მისვლაში მის დაჭერას გულისხმობთ?

- ვფიქრობ - კი, ეს ამას ნიშნავს...

- „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საკადრო გადაწყვეტილებებზე საუბრისას ხშირად უსვამს ხაზს კეთილსინდისიერებას და კორუფციასთან ბრძოლის მიზანს... კორუფციაზე კითხვები და ეჭვები სულ არსებობდა, განსაკუთრებით ცალკეულ პირებთან მიმართებით, მაგრამ აქამდე ამას „ქართული ოცნების“ ვერტიკალი ვერ თუ არ ხედავდა. ახლა რატომ აიხილეს თვალი?

- არც ახლა არ ხედავს... სინამდვილეში მხოლოდ იმათთან მიმართებით ხედავს, ვინც ჰყავს დასასჯელი და ვინც არ ემორჩილება, რადგან ბევრ რამეს ისედაც კულუარულად „ალაგებენ“ და ამის აუცილებლობა არ აქვთ, რომ მაინცდამაინც რომეო მიქაუტაძესავით ხელბორკილდადებული გამოიყვანონ და გამოაჭენონ, მაგრამ თუ ვინმე უძალიანდებათ, მაშინ მათზე მსახვრალი ხელი სრული დატვირთვით იწყებს მუშაობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები