მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ოცნების" მთავრობამ ევროკომისიას 2025-2027 წლების ეკონომიკური სამოქმედო გეგმა გაუგზავნა

კობახიძე

"ქართული ოცნების" მთავრობამ ევროკომისიას 2025-2027 წლების ეკონომიკური სამოქმედო გეგმა წარუდგინა. 135-გვერდიანი დოკუმენტი ეფუძნება 2025 წლის სამთავრობო პროგრამას, რომლითაც ოცნების პარლამენტმა ირაკლი კობახიძის მთავრობა დაამტკიცა, ასევე 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტსა და ბიუჯეტის თანდართულ მაკროეკონომიკური პროგნოზების დოკუმენტს, ასევე "ოცნების" მიერ 2022 წლის ნოემბერში დამტკიცებულ "ხედვა 2030"-ის დოკუმენტს.

"ოცნების" მთავრობამ ევროკომისიას 2023 წლის ბოლოს 2024-2026 წლების ეკონომიკური სამოქმედო პროგრამა პირველად წარუდგინა, შესაბამისად ახალი სტრატეგია პირვანდელი დოკუმენტის გაგრძელებას წარმოადგენს.

2024 წლის ივნისში ევროკომისიამ კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკურ სამოქმედო სტრატეგიებზე საკუთარი შეფასება გამოაქვეყნა. საქართველოსთან მიმართებით ეკონომიკური პროგრამა მეტწილად კარგად მომზადებულად შეფასდა, თუმცა ევროკომისიამ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში მთავარი ნაკლოვანებები არა ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ, კანონის უზენაესობის, ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციულ და ოლიგარქიულ გავლენებს უკავშირდებოდა, რომლებთან მიმართებითაც ევროკომისიამ აღნიშნა, რომ საქართველოს მხრიდან შესასრულებელ ვალდებულებათა შორისაა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 პუნქტის (დათქმის) შესრულება.

"კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება, „დე-ოლიგარქიზაციის“ ხელშეწყობა, კანონის უზენაესობის გაძლიერება, სასამართლო რეფორმების განხორციელება და საჯარო ინსტიტუტების დამოუკიდებლობისა და შესაძლებლობების გაძლიერება აუცილებელია კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად. სასამართლო პროცესების დაგვიანება და გამჭვირვალობის ნაკლებობა ბიზნესის გადაწყვეტილებებზე ზეგავლენას ახდენს, ხოლო საჯარო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის ნაკლებობა პოლიტიკის, მათ შორის მაკროეკონომიკური მართვის, სანდოობას ამცირებს. ამ ძირეული პრობლემების მოგვარება საქართველოს ეკონომიკის წარმატებული ტრანსფორმაციის წინაპირობაა.

აღნიშნული საკითხები ასევე შედის ევროკავშირის გაფართოების შესახებ კომისიის კომუნიკაციის ცხრა პუნქტში, რომელიც 2023 წლის 8 ნოემბერს იქნა წარმოდგენილი, ისევე როგორც გაფართოების წლიური ქვეყნის ანგარიშის მე-23 და მე-24 თავებში. 2023 წლის 15 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ იმ პირობით, რომ ეს ნაბიჯები გადაიდგმება", - ნათქვამი იყო 2024-2026 წლების ეკონომიკური რეფორმების პროგრამის დოკუმენტის შეფასებაში.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 2025-2027 წლების ეკონომიკური რეფორმების პროგრამის მომზადებამდე, ანუ 2024 წლის 28 ნოემბერს ქართული "ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლამდე EU-ში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დააყენებენ, რასაც მოსახლეობიდან მასობრივი საპროტესტო აქციები, ოცნების მხრიდან კი საპროტესტო აქციების ძალადობრივი დარბევა, მოქალაქეთა უკანონო დაკავება, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კანონმდებლობის გამკაცრება, საჯარო მოხელეთა გათავისუფლების კანონმდებლობის გამარტივება და უწყებებში მასობრივი რეორგანიზაციების დაწყება მოჰყვა.

აღნიშნული ქმედებების პარალელურად, ევროკავშირმა საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის სავიზო სანქცია დააწესა, ასევე ევროკავშირმა საქართველოს მიმართ საგრანტო დახმარების პაკეტი შეაჩერა, გერმანიამ კი გრანტებთან ერთად საქართველოსთვის განკუთვნილი კრედიტის გაცემაც შეაჩერა. 2024 წლის 11 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილთან სატელეფონო საუბარში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ საქართველომ ევროპული გზიდან გადაუხვია, ივანიშვილს კი უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლებისკენ და ფართო პოლიტიკური დიალოგისკენ მოუწოდა. 2024 წლის 30 ნოემბერს აშშ-მა შეაჩერა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია, გააფართოვა სავიზო სანქციები ოცნების მაღალჩინოსნებისა და ოცნებასთან დაკავშირებული პირების მიმართ, გლობალური მაგნიტსკის აქტით დაასანქცირა ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსნები, მათ შორის შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, 2024 წლის 27 დეკემბერს კი პერსონალური ფინანსური სანქციები დაუწესდა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს. 2024 წლის 31 დეკემბერს კი საფრანგეთის, პოლონეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადებით ქართულ ოცნებას პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის მიზნით ახალი არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდეს.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, 2025-2027 წლების ეკონომიკური რეფორმების პროგრამის შეფასებაც, სავარაუდოდ, უმეტესწილად სწორედ პოლიტიკური თვალსაზრისით ქვეყანაში არსებულ კრიტიკულ ვითარებას შეეხება.

ფინანსთა სამინისტრის მიერ დღეს გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ საქართველომ ევროკომისიას „ეკონომიკური რეფორმების პროგრამა - 2025-2027“ (Economic Reform Programme - 2025-2027) დოკუმენტი დაგეგმილ ვადაში უკვე მეორედ წარუდგინა.

"დოკუმენტი, ევროკომისიის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის თანახმად წარმოადგენს მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების საშუალოვადიან ჩარჩოს. დოკუმენტის მომზადებისას საქართველო მეტწილად ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტით (BDD) განსაზღვრულ საშუალოვადიანი დაგეგმვის მიზნებს და პარამეტრებს, რომელიც თავის მხრივ, სტრუქტურული რეფორმების ნაწილში, გამომდინარეობს ქვეყნის სტრატეგიული განვითარების დოკუმენტიდან „ხედვა - 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგია. დოკუმენტის პირველი ოთხი თავი ფარავს მაკროფისკალური პარამეტრების და საჯარო ფინანსების მართვის აღწერას, ხოლო მეხუთე თავი მოიცავს სტრუქტურულ რეფორმებს", - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები