მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ოცნების“ საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი პოლიტიკური ხელისუფლების გამყარებაა - ლევან ნატროშვილი

ლევან ნატროშვილი

ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული ახალი საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი პოლიტიკური ხელისუფლების გამყარებაა. ამის შესახებ ლევან ნატროშვილმა გრანტების და იურიდიული დახმარების სამსახურის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

„ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში ინიციირებული „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებების მიხედვით, გრანტის ცნება ფართოვდება და კანონში ჩნდება ასევე „თვალთმაქცური გრანტის“ ჩანაწერიც. ამასთან, საკანონმდებლო პაკეტის ცვლილებებით, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ ემატება ახალი მუხლი — 153¹³, რომელიც მეწარმე იურიდიული პირის პოლიტიკურ აქტივობას არეგულირებს. კანონპროექტით მეწარმეებისთვის აღნიშნული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ექნება.

კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილება "იურიდიული დახმარების სამსახურის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტით შედის, რომლითაც ამ ორგანოს ხელმძღვანელობის დანიშვნის წესი იცვლება და ის პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში გადადის.

ლევან ნატროშვილი „ანალიტიკაში“ ცვლილებების შეფასებისას აცხადებს, რომ „ახალი შეზღუდვები“ განსხვავებული აზრის გაქრობას ემსახურება. ის ამბობს, რომ შეზღუდვები არაკონსტიტუციურია, თუმცა აღნიშნავს, რომ მმართველ ძალას არც ერთი საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის კრიტიკული შეფასება არ აღელვებს.

„მგონი უკვე ცალსახაა, რომ ახალი შეზღუდვები, რასაც ჩვენ ვხედავთ, დაინიცირებულია პარლამენტში და პირველი მოსმენით უკვე მიღებულია, ემსახურება ერთი პარტიის მიერ პოლიტიკური ცხოვრების კიდევ უფრო მეტად მონოპოლიზებას. სხვა, როგორც პოლიტიკურ, ისე არაპოლიტიკურ სუბიექტებს, როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს, რომლებსაც რაღაც საკითხებთან დაკავშირებით შეიძლება განსხვავებული აზრი გააჩნდეთ ან რაღაც ამბიცია, პოტენციალი ჰქონდეთ, რომ ქვეყანაში განსხვავებულ აზრს ქმნიდნენ, ამ ადამიანებზე და ამ ორგანიზაციებზე შემოვიდეს ისეთი შეზღუდვები, რომ ამისი თეორიული სურვილიც კი არავის გაუჩნდეს. ანუ როგორც ჩანს, მთავარი მოტივატორი ის არის, რომ პოლიტიკური კონკურენცია იმდენად დაბალ დონეზე დაიყვანონ, რომ რეალურად ის უპირატესობები, რაც ნებისმიერ ქვეყანაში, ზოგადად, მმართველ პარტიებს ისედაც აქვს და განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, ეს უპირატესობა იმდენად დიდი გახდეს, რომ „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლების და ძალაუფლების დაკარგვის საფრთხე უბრალოდ არასდროს აღარ შეექმნას. ეს ერთადერთი მიზეზია, რასაც ვხედავთ. სხვა შემთხვევაში, სრულიად გაუგებარია რა ლეგიტიმურ მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს ეს შეზღუდვები.

შეზღუდვები ცალსახად არაკონსტიტუციურია. ის ნამდვილად ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო ნორმებს, რაც საქართველოში მოქმედებს და იმ ადამიანის უფლებათა სტანდარტებს, რაც ცივილიზებულ სამყაროში მოქმედებს. თუმცა როგორც ვხედავთ, ეს აზრი მათ არ აინტერესებთ. რეალურად, არანაირი შეფასება, ეს იქნება ვენეციის კომისია თუ სხვა ავტორიტეტული ორგანიზაცია, რომელიც აკრიტიკებს მსგავს შეზღუდვებს - მათი აზრი არ აინტერესებთ, ვინაიდან მიზანი მათი პოლიტიკური ხელისუფლების გამყარებაა“, - აცხადებს ლევან ნატროშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები