ფარმაცევტული კომპანია „ავერსის“ დამფუძნებელი, პაატა კურტანიძე ამბობს, რომ თურქეთში მედიკამენტები იაფია, რადგან იქ მწარმოებელთან ღირებულების დიდ ნაწილს სახელმწიფო ფარავს, ხოლო ევროპაში - დაზღვევა. კურტანიძემ საკითხზე BMGTV-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
ამასთან, როგორც კურტანიძე ამბობს, მცდარია შეხედულება, თითქოს საქართველოში დისტრიბუტორებს აქვთ მაღალი დარიცხვა და სწორედ ამიტომ ღირს წამლები ძვირი.
„წამალი თვითონ არ არის იაფი, მარტივი პროდუქტი. წამალი არის მაღალტექნოლოგიური, ძვირადღირებული პროდუქტი, ერთი მოლეკულის შექმნა ფარმაცევტულ გიგანტებს უჯდებათ დაახლოებით 1 მლრდ დოლარი. შესაბამისად, თუ ვინმეს ჰგონია, რომ საქართველოში, ქართველ დისტრიბუტორებს მაღალი დარიცხვა გვაქვს და იმიტომ არის წამლები ძვირადღირებული, ეს აბსოლუტურად მცდარი შეხედულებაა. ჩვენი[ავერსის და სხვა კონკურენტების] რენტაბელობა არის 3%-ის ფარგლებში. შეუძლებელია, რომელიმე კომპანიას მეტი ჰქონდეს მოგება, რადგან კონკურენცია გვაქვს, მე რომ გავყიდო უფრო ძვირად ან სხვამ, არ გაგვეყიდება მედიკამენტი. პირიქით, სულ ვცდილობთ, რომ უფრო იაფად გავყიდოთ. რაც შეეხება თურქეთს, იქ სახელმწიფო იხდის დიდ ნაწილს, ან უფასოდ აძლევს მოსახლეობას წამლებს, ან დიდ ნაწილს უხდის. წამლის თვითღირებულება და ფასი კი არ არის უფრო ნაკლები, არამედ სახელმწიფო იხდის. ევროპაში და ამერიკაში თუ დაზღვევა აქვს მოქალაქეს, საერთოდ უფასოა წამალი, რადგან იქ სადაზღვევო კომპანია იხდის“, - განაცხადა კურტანიძემ.
ამასთან, ფარმაცევტული კომპანიის ხელმძღვანელმა საქართველოში საყოველთაო დაზღვევაზეც ისაუბრა და თქვა, რომ სახელმწიფო და მთავრობა აკეთებენ ყველაფერს, რისი შესაძლებლობაც აქვთ, მათ შორის ოპერაციებს, კვლევებს, ონკოლოგიურ მედიკამენტებს სრულად, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის მედიკამენტებს და ა.შ.
„შეიძლება ვთქვათ, რომ ონკოლოგიური წამლები იაფია? ასე არ არის, უბრალოდ მას სახელმწიფო იხდის. იგივეა თურქეთში, ევროპაში, ამერიკაში - ან სახელმწიფო იხდის, ან სადაზღვევო კომპანია. თურქეთის ბაზარი გაიხსნა 2022 წელს, ამას პირადად მე წერილობით ვითხოვდი 2009 წლიდან. ყველა მინისტრი მპირდებოდა, ყველა პრემიერ-მინისტრი, რომ თურქეთის დაემატებოდა სანდო ქვეყნების ჩამონათვალს, თუმცა 2022 წლის იანვრიდან მოგვეცა შესაძლებლობა, რომ თურქეთიდან შემოგვეტანა წამლები. მაგრამ მინდა ყველამ იცოდეს, რომ თურქეთიდან იაფი წამლების გამოტანა ფაქტობრივად ხდება არაოფიციალურად, რადგან თურქეთის მთავრობა უკეთებს დოტაციას, რომ დაბალი ფასი აქვს და ჩვენ რომ შემოგვაქვს ეგეთი წამლები, რაც ღირს 80%-ით იაფი, ვიდრე მწარმოებლის ღირებულება.
არის შემთხვევა, როცა მწარმოებელი წამალს ყიდის 10 დოლარად და ჩვენ თურქეთში ვყიდულობთ 2 დოლარად, ეს იმიტომ ხდება, რომ თურქეთის მთავრობა იხდის 8 დოლარს, ხოლო 2 დოლარს იხდიან მომხმარებლები, ჩვენ გვიგზავნიან თურქული დეპოები, რომლებიც ახდენენ გაწერას, თითქოს წამლები პაციენტებმა იყიდეს. დიდი რაოდენობით წამლებს ვერასდროს ვუკვეთავთ, იმიტომ რომ არ ჩამოგვდის. ვუკვეთავთ 1000-სს და ჩამოდის 100, ვუკვეთავთ 2000-სს და ჩამოდის 200. თურქეთის მთავრობა ამაზე თვალს ხუჭავდა, რადგან ჩვენნაირი პატარა ქვეყნები ბაზარზე გავლენას ვერ ახდენენ, თუმცა ბოლო პერიოდში ძალიან გაჭირდა, რადგან თავად თურქეთში მაღალი ინფლაციაა, გაუჭირდათ ასეთი რამეების დაფინანსება და ა.შ. არავის ეგონოს, რომ ქართველი დისტრიბუტორები განსაკუთრებულ მოგებას ნახულობენ. მე ბევრი ადამიანი ვიცი სომხეთის, აზერბაიჯანის მოქალაქეები, რომლებსაც უნდათ შეიძინონ ონკოლოგიური წამლები, რომლებიც საქართველოში უფასოა, ბევრს სურს, რომ მოქალაქე გახდეს საქართველოსი, რომ მედიკამენტი უფასოდ მიიღოს, თუმცა ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ონკომედიკამენტი 1 თეთრი ღირს?“, - განაცხადა პაატა კურტანიძემ.