ირაკლი კობახიძემ იუსტიციის ახალი მინისტრი პაატა სალია იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა. უწყების ახალი ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძეს და ქართველ ხალხს დაჰპირდა, რომ იუსტიციის მინისტრის პოზიციაზე ღირსეულად იმსახურებს.
„ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო იმ გუნდის წევრი, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ, რომლის ლიდერიც თქვენ ბრძანდებით, ჩემთვის პატივია, ვიყო იუსტიციის მინისტრი და საქართველოს მთავრობის წევრი. რა თქმა უნდა, მე მესმის და სრულად ვაცნობიერებ, რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა, იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი. ვპირდები საზოგადოებას, გპირდებით თქვენ, რომ ღირსეულად ვემსახურები ამ თანამდებობაზე ჩვენს ხალხსა და ქვეყანას, ღირსეულად გავუმკლავდებით ნებისმიერ გამოწვევას, რომელიც ჩვენს წინაშე იქნება, ამაში თქვენი დიდი იმედი მაქვს“, - აღნიშნა პაატა სალიამ.
ახალმა მინისტრმა მადლობა გადაუხადა წინამორბედს, ანრი ოხანაშვილს და ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.
როგორც ირაკლი კობახიძემ წარდგენისას აღნიშნა, პაატა სალია წლების განმავლობაში აწარმოებდა ძალიან წარმატებულ საადვოკატო საქმიანობას, ის არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალკვალიფიციური იურისტი ქვეყანაში.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა იუსტიციის ყოფილ მინისტრ ანრი ოხანაშვილს გაწეული სამუშაოსთვის და მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.
„მადლობა ანრი ოხანაშვილს მის მიერ გაწეული სამუშაოსთვის იუსტიციის სამინისტროში. მან დაიკავა საგანგებო მნიშვნელობის თანამდებობა, გახდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა და მას მინდა, დიდი წარმატებები ვუსურვო ამ ახალ საქმეში. მინდა, თქვენს წინაშე წარვადგინო პაატა სალია. ის არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადვოკატი საქართველოში. ის წლების განმავლობაში აწარმოებდა ძალიან წარმატებულ საადვოკატო საქმიანობას, არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალკვალიფიციური იურისტი ჩვენს ქვეყანაში. ბოლო თვეების განმავლობაში ის იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის, საქართველოს პარლამენტის წევრი და ახლა უკვე იკავებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას. მას აქვს ყველა თვისება იმისათვის, რომ ღირსეულად უხელმძღვანელოს ამ განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე უწყებას ჩვენს ქვეყანაში. ის არის არა მხოლოდ ძალიან კარგი პროფესიონალი, არამედ ყველანაირი ადამიანური თვისებებით დაჯილდოებული, კეთილსინდისიერი ადამიანი. მინდა, პაატა სალიას ვუსურვო ძალიან დიდი წარმატებები, დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება არაჩვეულებრივი იუსტიციის მინისტრი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.