მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პაციენტების მკურნალობის გარეშე დარჩენის საშიშროება დგას“ - „ნუნისი“ სახელმწიფოსგან ლიცენზიას ელის

64a1834c6009f
ვიქტორია მღებრიშვილი
02.07.23 17:57
652
კურორტი „ნუნისი“ სახელმწიფოსგან წყლის მოპოვების ლიცენზიას ელის. კურორტმა, სადაც წლების განმავლობაში კანის დაავადებებს წყლით მკურნალობენ, შესაძლოა წელს პაციენტებს სამკურნალო სერვისი ვერ შესთავაზოს, რადგან წყლის მოპოვების ლიცენზია კურორტის მმართველებს მიმდინარე წლის პირველ იანვარს ამოეწურათ, გასული წლის 20 ივლისს შეტანილ განაცხადზე კი წიაღის ეროვნულ სააგენტოსგან ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

„ნუნისში“ არსებული ვითარების შესახებ BM.GE-ს კურორტის დამფუძნებელმა და დირექტორმა ირმა დაუშვილმა უამბო. მისი თქმით, უწყება მათ 5-წლიანი ლიცენზიას სთავაზობს და დამატებითი ინვესტიციების განხორციელებას სთხოვს.

„ნუნისში წყლის მოპოვების 23-წლიან ლიცენზიას ვადა მიმდინარე წლის პირველ იანვარს ამოეწურა. ჩვენ დავიჭირეთ თადარიგი და წიაღის ეროვნულ სააგენტოს გასული წლის 20 ივლისს თხოვნით მივმართეთ. დღემდე ეს მიმართვა განხილვის და შეთანხმების ეტაპზეა. სააგენტო ჩვენთვის მიუღებელ პირობებს გვთავაზობენ 5-წლიანი ლიცენზიის შეთავაზება ბიზნესისთვის, რომელსაც 1 მლნ-ზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას სთხოვ ცოტა არასერიოზულია.

თუ ამ საკითხში ვერ მოვილაპარაკეთ, იმის საშიშროება დგას რომ ბევრი პაციენტი მკურნალობის გარეშე დარჩება. იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში შევჯერდებით“, - ამბობს დაუშვილი.

მისივე ინფორმაციით, ნუნისი ყოველწლიურად 1 000-მდე სტუმარს მასპინძლობს, აქედან 500 აქტიურ სეზონზე შედის. დამსვენებლებიდან 70% ადგილობრივ, ხოლო 30% უცხოელ სტუმრებზე მოდის. კურორტზე სეზონი წესისამებრ 15 ივნისს იწყება ხოლმე და ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გრძელდება, თუმცა წელს ვითარება სხვაგვარია. ირმა დაუშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ კურორტის განვითარება და დამატებითი ინვესტიციების განხორციელება ბიზნესის ინტერესებშია, თუმცა მოკლევადიანი ლიცენზიისა და კურორტამდე მისასვლელი გზის არ არსებობის გამო, ინვესტირება გაუმართლებლად მიაჩნიათ.

„ამ ეტაპზე ადგილზე 30-ნომრის დამატების გეგმა გვაქვს, რა დროსაც სასტუმრო 12 თვის განმავლობაში შეძლებს მუშაობას, მაგრამ ეს ინვესტიციის განხორციელება არ იქნება მიზანშეწონილი წყლის მოპოვების 5-წლიანი ლიცენზიის მიღების შემთხვევაში. ეს ნიშნავს, რომ 5 წლის შემდეგად ის გზა უნდა გავიაროთ, რასაც დღეს ლიცენზიის მოპოვებისთვის გავდივართ. სააგენტოს ლიცენზიის ვადიანობის გაზრდის მოთხოვნით მივმართეთ და ერთი თვეა ამ პასუხს ველით.

მათ უნდათ უფრო მეტად განვითარებული კურორტი მიიღონ. ეს ინტერესი ჩვენც გვაქვს, რადგან ყველა ბიზნესს შემოსავალი აინტერესებს და გვესმის, რომ ინვესტიციის გარეშე განვითარება შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ ვერ მოვიპოვეთ და მოვიყვანეთ ინვესტორები, ვერ მოვიზიდეთ ფინანსური ინსტიტუტები, იმის გამო, რომ კურორტამდე მისასვლელი გზა პრაქტიკულად არ არსებობს. 28 კილომეტრის გავლას ჯიპის ტიპის ავტომობილით საათნახევარი ვუნდებით და როდის იქნება ეს გზა გაუგებარია. წელს ველოდით ტენდერის შედეგებს, თუმცა ამ მონაკვეთის მშენებლობით კომპანიები არ დაინტერესებულან“, - ამბობს ირმა დაუშვილი.

კურორტ „ნუნისის“ დამფუძნებელი გაზიფიკაციისა და ელექტრიფიკაციის პრობლემებზეც ამახვილებს ყურადღებას და კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ამ პირობებში სააგენტოს მხრიდან ბიზნესზე წყლის მოპოვების 5-წლიანი ლიცენზიის გაცემა არასწორია.

„სასტუმროს მუშაობას გზასთან ერთად გაზიფიკაციაც ესაჭიროება. სულ ელექტროენერგიით ოპერირება ზრდის ხარჯებს და მომსახურების ღირებულებას, ამასთან ელექტროენერგიის არასტაბილური მიწოდება რეგიონებში ჯერ კიდევ გამოუსწორებელი პრობლემაა და კვირაში 2 დღე შეიძლება ელექტროენერგია არ გვქონდეს, რაც მკურნალობის და დასვენების პროცესს აფერხებს. ასეთ პირობებში 5-წლიანი სალიცენზიო ვადისა და იმ პირობების წაყენება, რასაც სააგენტო გვთავაზობს არასწორად მიმაჩნია“, - ამბობს BM.GE-სთან „ნუნისის“ ხელმძღვანელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები