მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის საჭირო ქვეყანაში გამაჯანსაღებელი და სამედიცინო ტურიზმის განვითარებისთვის? - ირმა დაუშვილი

ნუნისი

სახელმწიფომ 2024 წლის ტურიზმის სამოქმედო გეგმის საკომუნიკაციო სტრატეგიაში ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად გამაჯანსაღებელი და სამედიცინო ტურიზმი გაწერა. ქვეყანაში ამ ტურიზმის ამ მიმართულებით განვითარების რესურსებსა და საჭიროებებზე გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა.

მისი თქმით, ქვეყანაში ბალნეო და კლიმატური კურორტების მიმართულების განვითარებისთვის ძალიან დიდი რესურსია, თუმცა ამის ათვისება მეცნიერული კვლევების საფუძველზე და მსოფლიოში არსებული თანამედროვე მიდგომებზე მორგებით უნდა მოხდეს. ქვეყანაში კი კვლევები საბჭოთა კავშირის პერიოდში არსებული მოკვლევის შემდეგ აღარ ჩატარებულა.

„მაგალითისთვის სამედიცინო მომსახურების შეთავაზებას წინ უნდა უძღოდეს კვლევები და დაკვირვებები. ასეთი კვლევები საბჭოთა კავშირის დროს იყო, ოღონდ ეს მასალები არქივებში ინახებოდა და ამ მასალის მოპოვება დღეს ძალიან ძნელია. თუნდაც რომ მოიპოვო და 30 წლის წინანდელ მონაცემებს დაეყრდნო, ეს ძალიან მოძველებული ინფორმაციაა. ამიტომ ამ კვლევების ჩატარება თითოეული ასეთი სამკურნალო დაწესებულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაც დიდ დროსა და ხარჯებთან არის დაკავშირებული. თითოეული ასეთი კვლევა 1 წელიწადს მაინც მოითხოვს. ეს კვლევები თანამედროვე ტექნოლოგიებთან შერწყმაში უნდა იყოს, თანამედროვეობასთან და იმ მოთხოვნებთან თანხვედრაში უნდა იყოს, რომელიც დღეს მსოფლიოშია. იმისთვის რომ მსოფლიოში ირწმუნონ მაგალითისთვის „ნუნისის“ წყლის მაკურნებელი ძალა, მაგალითისთვის ისეთი დაავადებაზე როგორიც არის ფსორიაზე, ატოპიური დერმატიტი და ა.შ. ამას სჭირდება კვალიფიკაცია, კონფერენციების ჩატარება...“, - ამბობს ირმა დაუშვილი.

საკურორტო სასტუმრო „ნუნისის“ თანადამფუძნებელი გამაჯანსაღებელი და სამედიცინო ტურიზმის პოპულარიზებისთვის უწყებების ეკონომიკის და ჯანდაცვის სამინისტროების თანამშრომლობის აუცილებლობას ხედავს. ამასთან ირმა დაუშვილი ამ სახის მკურნალობის სადაზღვევო პროდუქტებში გათვალისწინებაზეც საუბრობს.

„ეს არ არის მხოლოდ ტურიზმის ნაწილი, ეს მედიცინის ნაწილიცაა და ჯანდაცვას აქტიურად უნდა იყოს ჩართული, რადგან ჩვენი საშუალო ზომის კომპანია ვართ და ასეთი მასშტაბის კონფერენციებს ხშირად ვერ დავაორგანიზებთ. ჩვენს ქვეყანაში ალტერნატიული და ბალნეომკურნალობა არ ითვლება უპირატეს მკურნალობად და არ არის შეყვანილი სადაზღვევო პაკეტებში.

ბალნეო მკურნალობა საქართველოში დამატებით მკურნალობად ითვლება, სინამდვილეში ეს ასე არ არის - საირმის წყალს ძალიან კარგი შედეგები აქვს ნაღვლის ბუშტზე, ღვიძლის დაავადებებზე, ნუნისის წყალს - კანზე და ა.შ. დედოფლისწყაროში იყო კლიმატკურორტი, რომელიც სიმშრალით გამოირჩეოდა და ნეფრიტით დაავადებულები მკურნალობდნენ იქ, აბასთუმანი - ტუბერკულოზით დაავადებულებისთვის იყო განკუთვნილი... ამ მიმართულებით უნდა ჩატარდეს სამეცნიერო კვლევები, ექიმებმა უნდა შეისწავლონ ეს ადგილები და კოლაბორაციაში უნდა იყვნენ ამ ადგილებში არსებულ დასასვენებელ ობიექტებთან და ჯანდაცვის და ეკონომიკის სამინისტროებმა დაფინანსებაც გამოყონ, რადგან ეს გლობალური თემაა, რომლის საკვლევადაც სახსრებია საჭირო. შედეგად 1-2 წლის შემდეგ დაიდება ისეთი დოკუმენტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი რესურსების წარდგენას გაამყარებს სხვადასხვა გამოფენებსა თუ ღონისძიებებზე“, - მიიჩნევს ირმა დაუშვილი.

კითხვაზე - რამდენად იცნობენ დღეს საქართველოს, როგორც გამაჯანსაღებელი და სამედიცინო ტურიზმის დანიშნულების ადგილს მსოფლიოში, ირმა დაუშვილი პასუხობს, რომ საბჭოთა კავშირის გარდა, მსოფლიოში ქვეყნის ამ მიმართულებით ცნობადობა მითიურ - მედეას დონეზე არსებობს.

„საქართველოს სამკურნალო თვალსაზრისით მაინც პოსტსაბჭოთა კავშირის ქვეყნები იცნობენ. ძალიან დიდი მოთხოვნაა ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან და რუსეთიდან, ასევე ისრაელიდან, რადგან მათთვის საქართველო ახლო მიმართულებაა. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს - მითის დონეზე, მედეას დონეზე თუ გვიცნობენ, რომ შეიძლება აქ რაიმე სამკურნალო მიმართულება შეიძლება იყოს. ჩვენ დავკარგეთ საბჭოთა კავშირში ის დრო როცა საქართველო, როგორც ცალკე ქვეყანა შეეძლოთ გაეცნოთ როგორც გამაჯანსაღებელი ტურიზმის მიმართულება“, - ამბობს დაუშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები