მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის 2024 წლის გეგმის შესრულებას შესაბამისი მომსახურების თანხვედრა სჭირდება - ირმა დაუშვილი

ნუნისი

სახელმწიფოს მიერ გაწერილი ტურიზმის 2024 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2024 წელს ტურისტების მოსაზიდად ათ ძირითად სამიზნე ბაზარზე აპირებს აქცენტის გაკეთებას. დოკუმენტში, რომელიც BM.GE-სთვის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების მხრიდან გახდა ხელმისაწვდომი, აღნიშნულია, რომ ათივე მიმართულებასთან საქართველოს პირდაპირი ფრენები აკავშირებს და ამ ქვეყნებიდან უმრავლესობა ევროკავშირის ქვეყანაა - გერმანია, პოლონეთი, ავსტრია, საფრანგეთი, ბალტიის ქვეყნები, სპარსეთის ყურის ქვეყნები, ჩინეთი, ინდოეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი. ამ ქვეყნების გარდა სახელმწიფო უწყებას სხვა სტრატეგიული ბაზრებიც აქვს გაწერილი, რომელთა შორის დიდი ბრიტანეთი, იტალია, ნიდერლანდები, დანია, შვედეთი, ფინეთი, ნორვეგია, აშშ, იაპონია და სამხრეთ კორეაა.

ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გაცხადებულ 2024 წლის სამოქმედო გეგმაში ყურადღებას კიდევ ერთი ნაწილი იქცევს, კონკრეტულად - საკომუნიკაციო სტრატეგიაა, რომელიც ღვინოს და გასტრონომიას, ბუნებას და სათავგადასავლო ტურიზმს, კულტურას და ხელოვნებას, გამაჯანსაღებელ და სამედიცინო ტურიზმს და საქორწინო ტურიზმს აერთიანებს.

რამდენად ასახავს უწყების მიერ დარგისთვის წარდგენილი დოკუმენტი ტურისტული სექტორის საჭიროებებს და იყო თუ არა ბიზნესი ჩართული მის შემუშავებაში ჩართული - ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული გეგმა გადაცემა #რედაქტ2-ში საკურორტო სასტუმრო „ნუნისის“ თანადამფუძნებელმა ირმა დაუშვილმა შეაფასა. ის აღნიშნავს, რომ ამ დოკუმენტზე მუშაობის პროცესში კერძო სექტორი სხვადასხვა ეტაპზე აქტიურად იყო ჩართული.

„მნიშვნელოვანი დოკუმენტია. როგორც ბიზნესს უნდა ჰქონდეს განვითარების სტრატეგიული გეგმა, ასეთი გეგმა სახელმწიფოსაც უნდა ჰქონდეს, რამდენადაც ტურიზმის განვითარება საქართველოში თითოეული მეწარმისთვის სახელმწიფო ხედვის გარეშე წარმოუდგენელია. ეს ის სფეროა, რომელიც სახელმწიფომ უნდა განავითაროს, რამდენადაც იმისთვის რომ ტურისტი მოვიდეს, ქვეყანა უნდა იყოს საინტერესო და არა ცალკეული, ადგილობრივი ლოკაციები, მაგალითისთვის ნუნისი, საირმე და ა.შ.

ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო ცოტა რთულ რეგიონად ვითვლებით. ომი რეალურად საქართველოდან არც ისე შორს არის და ეს გავლენას ახდენს, რადგან ორივე ქვეყნიდან, როგორ ისრაელიდან, ისე უკრაინიდან გასულ წლებში გვყავდა ტურისტები“, - ამბობს დაუშვილი.

ტურისტული ბიზნესის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ გეგმა კარგია, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი ის არის როგორ შესრულდება ის.

„სტრატეგიულ კომუნიკაციაში საქორწინო ტურიზმიც დაემატა და ჩვენი ქვეყნის ბუნება იძლევა შესაძლებლობას, რომ ეგზოტიკური ქორწილები გადაიხადონ... გასტრონომიულადაც მიმზიდველია საქართველო, თუმცა ამ ყველაფრის შესრულებას სჭირდება, რომ მოლოდინი თანხვედრილი იყოს და საქართველოში ჩამოსულმა ტურისტმა შესაბამისი მომსახურება მიიღოს, რომ შემდგომში ეს გავრცელდეს და გაფართოვდეს“, - ამბობს ირმა დაუშვილი და დასძენს ქვეყანაში სექტორში ისეთი გამოწვევები გვაქვს, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, კვალიფიციური კადრების დეფიციტი, რაც ხარისხიანი მომსახურების მიწოდებაში მნიშვნელოვანი კომპონენტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები