მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდისთვის უნდა ველოდოთ ტურიზმის მარკეტინგული აქტივობების შედეგს? – „ნუნისის“ თანადამფუძნებელი

ნუნისი

საკურორტო სასტუმრო „ნუნისის“ თანადამფუძნებელი ირმა დაუშვილი თვლის, რომ ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ რამდენიმე დღის წინ წარდგენილი ტურიზმის 2024 წლის გეგმა და ის მარკეტინგული კამპანიები, რომელიც სახელმწიფოს გაწერილი აქვს შედეგს მომავალ წელს არ იქონიებს.

გადაცემა #რედაქტ2-ში „ნუნისის“ ხელმძღვანელმა ახალი ხედვა შეაფასა და აღნიშნა, რომ დარგისთვის სასურველი შედეგის მიღწევა, სხვადასხვა პლატფორმებზე ქვეყნის სხვადასხვა მიმართულების პოპულარიზაციას გულისხმობს, რაც დროს მოითხოვს.

„მომავალი წლიდან ამ ნაბიჯების გადადგმა, ვფიქრობ, მნიშვნელოვან შედეგებს ვერ მოგვცემს, რადგან ეს პირველი წელი იქნება და შედეგები უფრო 2025 წელს გვექნება. რეალურად უცხოეთში, ჩვენგან განსხვავებით ბევრი რამ უკვე გაწერილი აქვთ - სად გაატარონ დასვენების დღეები... როდესაც ჩვენ ქვეყნის რეკლამირებას და გამოფენებზე გატანას დავიწყებთ, ეს შეიძლება გაზაფხულის დასაწყისისკენ მოხდეს, ტურისტების გარკვეულმა ნაწილმა შეიძლება მალევე მიიღოს გადაწყვეტილება, თუმცა ნაწილი თავს შეიკავებს, რადგან მათთვის ეს სიახლე იქნება. მათ უნდა ნახონ შეფასებები სხვადასხვა პლატფორმებზე, ამიტომ სანამ ასეთ პლატფორმებზე საქართველოს შესახებ პოზიტიური შეფასება გაჩნდება, მგონია, რომ პროცესი შედარებით ნელი ტემპით წავა. თუმცა ამასთან, ვფიქრობ, რომ კარგია პროცესის დაწყება და ტურიზმის დეპარტამენტი მარკეტინგულ აქტივობებს მერე უფრო კარგად გაწერს“, - ამბობს ირმა დაუშვილი.

„ნუნისის“ ხელმძღვანელი იმასაც აღნიშნავს, რომ ქვეყანას მეტი მაღალმახრჯველუნარიანი ტურისტი სჭირდება და ველნესი და სამედიცინო ტურიზმი სწორედ ის მიმართულებებია, სადაც მათი მოზიდვა შეიძლება. თუმცა ირმა დაუშვილი ამბობს, რომ ტურისტებს ქვეყანაში შესაბამისი გარემოც უნდა დახვდეს.

„ხშირად გვისაუბრია, რომ საქართველოში ხარისხიანი, მაღალმხარჯველიანი ტურისტის შემოსვლა გვჭირდება. ველნესი და ბალნეოლოგიური, გამაჯანსაღებელი ტურიზმი სწორედ ამ ნიშას - მაღალანაზღაურებად ტურისტებს მოიცავს. თუმცა მათ იმ ქვეყანასთან, სადაც ჩადიან მაღალი მოთხოვენი აქვთ. თუ ვიტყვით, რომ სათავგადასავლო ტურიზმში შეიძლება არ იყოს ისეთი მოთხოვნა კომფორტზე, ველნესის მიმართულებით და სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით მოთხოვნა მაღალია.

ყველა ასეთი ბალნეო-კურორტი კი უფრო მეტად რეგიონშია, ვიდრე თბილისში.

დედაქალაქი ამ მხრივ ტურისტების მისაღებად მეტ-ნაკლებად მზად არის, თუნდაც განთავსების ადგილებით, ოთახების სხვადასხვა ბიუჯეტით, დაბალ ფასიანი და ბრენდული სასტუმროებით, თუმცა რეგიონებში ეს პრობლემა ხდება, რადგან ინფრასტრუქტურა ძალიან ბევრ რეგიონში გაუმართავია. „ნუნისის“ სასტუმროს მაგალითზე რომ ვთქვათ, 22 წელია სასტუმრომდე მისასვლელი გზა დღემდე გაუკეთებელია. ასევე არის საკადრო პრობლემები, უნდა დახვდეს სათანადო კადრები სამედიცინო სფეროშიც და მომსახურების ნაწილშიც, ინტერნეტიზაცია ყველა სფეროსა და რეგიონში უნდა იყოს, რადგან გაციფრულების გარეშე მუშაობა წარმოუდგენელია“, - განმარტავს ირმა დაუშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები