6-თვიანი პაუზის შემდეგ, პაკისტანი სკოლებს, კოლეჯებს და უნივერსიტეტებს ხსნის. ქვეყნის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, სასწავლო დაწესებულებები ეტაპობრივად გაიხსნება. პაკისტანში საშუალო კლასების მოსწავლეები სწავლას 23 სექტემბრიდან დაიწყებენ, ხოლო მეორე ეტაპისთვის, თუ სასწავლო დაწესებულებების გახსნას ვირუსის ახალი შემთხვევების მატება არ მოჰყვება, 30 სექტემბრიდან სწავლა დაწყებით კლასებშიც განახლდება.
პაკისტანის მთავრობის გადაწყვეტილებით, სკოლებში მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადეების ტარება, ასევე აუცილებელი იქნება დაწესებულებების რეგულარული დეზინფექცია და სოციალური დისტანცირების წესების დაცვა.
გამოცემის მიხედვით, პაკისტანმა სკოლები, კოლეჯები და უნივერსიტეტები 15 მარტს დაკეტა ქვეყანაში კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების გამო.
BBC-ის ინფორმაციით, პაკისტანში ამჟამად COVID-19-ის გავრცელების ტემპი შენელებულია და ახალი შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 500-ზე, ხოლო ლეტალური შემთხვევების მაჩვენებელი 10-ზე დაბალია.