მონაცემთა ანალიტიკურმა კომპანია Palantir-მა მესამე კვარტალში შემოსავალი 96%-ით, $2.31 მილიარდამდე გაზარდა, რამაც უოლ-სტრიტის მიერ პროგნოზირებულ $2.18 მილიარდს გადააჭარბა.
კომპანიის ფინანსური ანგარიშის თანახმად, თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში წმინდა მოგებამ $475.6 მილიონი შეადგინა, ამჯერად მაჩვენებელი $1.13 მილიარდამდე გაიზარდა. ამასთან, კორექტირებულმა მოგებამ თითოეულ აქციაზე 44 ცენტი შეადგინა და FactSet-ის გამოკითხული ანალიტიკოსების მიერ ნავარაუდებ 41 ცენტს გადააჭარბა.
რაც შეეხება შემოსავლების ძირითად წყაროებს, კომპანიის ზრდის მთავარი მამოძრავებელი ამერიკული კომერციული სეგმენტი გახდა. ამ მიმართულებით შემოსავალი წლიურად 148%-ით გაიზარდა და $984 მილიონი შეადგინა, აშშ-ის მთავრობასთან გაფორმებული კონტრაქტებიდან მიღებულმა თანხამ კი 96%-იანი მატებით $953 მილიონს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის ისტორიაში პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც შეერთებულ შტატებში კერძო სექტორიდან მიღებულმა შემოსავალმა სახელმწიფო შეკვეთების მაჩვენებელს გადაუსწრო.
ალექს კარპმა აქციონერებისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ ეს უბრალო ზრდა არ არის და გაფართოების მსგავსი ტემპის ანალოგი თანამედროვე ეკონომიკურ ისტორიაში არ მოიძებნება.
კომპანიის განმარტებით, კორპორაციული კლიენტების აქტიურობა ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიების მიმართ ბიზნესის სკეპტიკურმა განწყობამ განაპირობა. დამკვეთებს საკუთარ მონაცემებზე სრული კონტროლის შენარჩუნება სურთ და იმ სისტემებს ერიდებიან, რომლებიც კორპორაციულ ინფორმაციას საკუთარი მოდელების მოსამზადებლად იყენებენ.
მზარდი მოთხოვნის ფონზე, კომპანიამ მთლიანი წლის შემოსავლების პროგნოზი $8.53 მილიარდიდან $8.534 მილიარდამდე გაზარდა, რაც ანალიტიკოსების მიერ ნავარაუდებ $8.21 მილიარდს საგრძნობლად აღემატება.
განახლებული გათვლებით, აშშ-ის კომერციული სეგმენტის წლიური შემოსავალი სულ მცირე 143%-ით გაიზრდება და $3.6 მილიარდს გადააჭარბებს. რაც შეეხება მიმდინარე მეოთხე კვარტალს, Palantir-ი $2.649 მილიარდიდან $2.653 მილიარდამდე შემოსავალს ელის, რაც ბაზარზე არსებულ $2.46-მილიარდიან მოლოდინს ასევე აჭარბებს.
ინფორმაციისთვის, ფინანსური მაჩვენებლების გამოქვეყნების შემდეგ, დამატებით სესიაზე კომპანიის აქციების ფასი თავდაპირველად 3%-ზე მეტით შემცირდა, მოგვიანებით კი 0.9%-ით გაიზარდა. ამჟამად ერთი აქცია $180-ად იყიდება, Palantir-ის საბაზრო კაპიტალიზაცია კი $400 მილიარდს აჭარბებს.























