„2021 წელი წარმატებულად დავიწყეთ და გვაქვს მოლოდინი, რომ 2019 წლის რეზულტატს გადავაჭარბებთ“, - ასეთი მოლოდინი აქვთ „გორგიაში“. როგორც კომპანიის შესყიდვების და გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნოდარ შუკაკიძემ bm.ge-სთან განაცხადა, მართალია, პანდემიით გამოწვეული „ლოქდაუნი“ საერთო ბრუნვაზე ნეგატიურად აისხა, მაგრამ „გორგია“ ზრდას განაგრძობს.
„რა თქმა უნდა, 2020 წელს გაყიდვები შემცირდა. ამაზე გავლენა იქონია არა მხოლოდ ლარის კურსის გაუფასურებამ, არამედ მსოფლიოში არსებულმა ვითარებამ - გაძვირდა ტრანსპორტირების ხარჯი, ასევე ნედლეული და შესაბამისად, პროდუქციის სარეალიზაციო ფასიც 20-30%-ით გაიზარდა. მიუხედავად ამისა, 2021 წელი წარმატებულად დავიწყეთ და გვაქვს მოლოდინი, რომ 2019 წლის რეზულტატს გადავაჭარბებთ “, - განაცხადა ნოდარ შუკაკიძემ და ამის ერთ-ერთ წინაპირობად სავაჭრო ცენტრ „სითი მოლში“ „გორგიას“ ფილიალის გახსნა მოიყვანა.
„პანდემია იყო ერთ-ერთი გამოწვევა, რომელმაც მოგვცა დიდი გამოცდილება და ბევრი რამ ვისწავლეთ. პანდემიის დაწყებიდან ბევრი დაბრკოლება გადავლახეთ და ახალი გამოწვევების წინაშე დავდექით. მათ შორის იყო ონლაინგაყიდვების სისტემის აწყობა, რომელზეც პანდემიამდე, სამომხმარებლო კულტურიდან გამომდინარე ნაკლები მოთხოვნა იყო, თუმცა პანდემიის პერიოდში გაცილებით გაიზარდა ამ მიმართულებით მუშაობა და შემიძლია ვთქვა, რომ ის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება გახდა „გორგიასთვის“, - აღნიშნა კომპანიის შესყიდვების და გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.




























